2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიას 521 086 ვიზიტორი ეწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედ დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების რაოდენობა ივნის-ივლისში პანდემიამდე პერიოდის აქტივობას 17%-ით ჩამორჩება, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორების რაოდენობა როგორც 2019 წელს, ასევე 2022 წლის მაჩვენებელს აღემატება.
სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორებს შორის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიების TOP-5-ეული ასეთია: პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი და მტირალას ეროვნულ პარკი. მხოლოდ ამ ეროვნულ პარკებსა და კანიონებს წლის პირველ 7 თვეში ჯამურად ვიზიტორთა 71% სტუმრობდა, რაც 370 547 ვიზიტორს გულისხმობს. „რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 31%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
„საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, საამიროები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი“, - აცხადებენ სააგენტოში.
ცნობისთვის: წლის პირველ 7 თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი) 13 %-ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებით კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა.