2024 წელს დამმუშავებელ მრეწველობაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის განახევრდა და სექტორში 170.2 მლნ დოლარის FDI ჩაიდო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დარგმა ჩადებული ინვესტიციების მიხედვით სექტორების რეიტინგში 12.7%-იანი წილით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამმუშავებელ მრეწველობაში FDI-ის დინამიკა ასეთია:
- 2020 წელი - $44.9 მლნ;
- 2021 წელი - $133.8 მლნ;
- 2022 წელი - $132.3 მლნ;
- 2023 წელი - $301.5 მლნ;
- 2024 წელი - $170.2 მლნ.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა დამმუშავებელი მრეწველობის TOP ინვესტორი ქვეყნები რეიტინგი და კომპანიები, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო.
ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ყველაზე დიდი თანხები ნიდერლანდებიდან შემოვიდა. ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- ნიდერლანდები - $108.7 მლნ;
- გაერთიანებული სამეფო - $32.5 მლნ;
- რუსეთი - $7.4 მლნ;
- თურქეთი - $6.9 მლნ;
- კვიპროსი - $5.2 მლნ;
- გერმანია - $4 მლნ;
- აზერბაიჯანი - $3.6 მლნ;
- ლატვია - $3.3 მლნ;
- ყაზახეთი - $3.2 მლნ;
- ირანი - $836 ათასი;
უნდა აღინიშნოს, რომ დამმუშავებელ მრეწველობაში რიგი ქვეყნების მიმართულებით გასულ წელს ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა. ასეთი ქვეყნები იყო მაგალითისთვის საფრანგეთი [-$4.9 მლნ], აშშ [-$3.1 მლნ], ისრაელი [-$904 ათასი], სომხეთი [-$704 ათასი] და სხვა.
დამმუშავებელი მრეწველობის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-5-ეული კი ასეთია:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
კომპანიის დამფუძნებელი ნიდერლანდების ანტილიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია IDS Borjomi Beverages Co.N.V-ია. საერთაშორისო ჰოლდინგმა Rissa Investments Limited-მა, რომელიც „ბორჯომის“ ბრენდს ფლობს, 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არაუდიტირებული მონაცემებით, კომპანიის შემოსავალმა 274.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.3 მილიონი დოლარით მეტია.
ჯგუფი საქართველოში აწარმოებს ბორჯომის, ლიკანის, ბაკურიანის ბრენდებს, რუსეთში „სვიატოი ისტოჩნიკის“, უკრაინაში „მორშინსკის“ მტკნარ წყლებს.
- შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია);
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, საქართველოში ცემენტის უმსხვილეს მწარმოებელს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას" სახელი ოფიციალურად შეეცვალა და მას შპს "ქართული ცემენტი" ეწოდება. ცვლილება 2024 წლის 12 სექტემბერს აისახა. კომპანიის სახელის ცვლილება უკავშირდება ქარხნიდან გერმანული Heidelberg Materials-ის გასვლას, რაც ცნობილი ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გახდა.
გერმანული Heidelberg Materials-ი კომპანიაში 45%-იან წილს ფლობდა და ის ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა და ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჯგუფმა "ჰანიველ პარტნერსმა" გამოისყიდეს. მაშინვე გაცხადდა, რომ კომპანია გარკვეული პერიოდით შეინარჩუნებდა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ბრენდის სახელს, შემდეგ კი ბაზარზე ახალი ბრენდით წარდგებოდა. ამ ცვლილების ფარგლებში კომპანია 2024 წლის აგვისტოდან მომხმარებელს პროდუქციას ახალი "ჰანიველ ცემენტის" სახელით სთავაზობს.
“ქართული ცემენტის” 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 564.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51.2 მილიონი ლარით მეტია.
- შპს აჭარა ტექსტილე;
საქართველოს ტექსტილის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია 2008 წელს დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთში რეგისტრირებული ს.ს "აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთია".
გლობალური ბრენდები, ისეთები როგორიცაა Nike, Puma, Adidas, New Balance, Under Armour-ი და სხვა კომპანიები უკვე არაერთი წელია საქართველოში ტანსაცმლის უმსხვილეს მწარმოებელთან კომპანია “აჭარა ტექსტილესთან” თანამშრომლობენ.
კომპანიის 2023 წლის მმართველობითი და ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 26%-ით შემცირდა და მან 247 მილიონი ლარი შეადგინა.
ბობოყვათში მდებარე ტანსაცმლის სამკერვალო საწარმო „აჭარა ტექსტილე“ bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ 2025 წელს პოზიტიურ და მზარდ მაჩვენებლებს ელის. კომპანიის დირექტორმა გია ლომინაძემ ამბობს, რომ „აჭარა ტექსტილეს“ მთავარი ორი დამკვეთი წელსაც Nike და Adidas-ია.
- შპს საქართველოს ცემენტის კომპანია
კომპანია საქართველოში 2012 წელს დარეგისტრიდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია „რეინოსოა“. საქართველოს ცემენტის კომპანიის დირექტორი კი თეოდორე ფარცვანიაა. 2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს რეინოსო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია შპს თრიმექს ბიზნესი. 2023 და 2022 წლების 31 დეკემბრის მდგომარეობით შპს თრიმექს ბიზნესის მფლობელი ფიზიკური პირები არიან დიმიტრი აბდუშელიშვილი 50%-იანი წილით და მერაბ ჩიხრაძე 50%-იანი წილით. ძირითადი საქმიანობა. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ცემენტის წარმოება და მისი საბითუმო და საცალო რეალიზაცია.
კომპანიის კუთვნილი ცემენტის ქარხანა მდებარეობს ქალაქ ფოთში. კომპანიის 2023 წლის ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ცემენტის კომპანიის შემოსავალი 2023 წელს 53.8 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის შემოსავლები 21.9 მლნ ლარი იყო. წლიური მოგება გახუთმაგდა და ₾3.7 მლნ-მდე გაიზარდა.
- შპს გლობალ ბიერ ჯორჯია
საქმე ეხება საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილეს საინვესტიციო ფონდ "საქართველოს კაპიტალის" (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი გაყიდვას, რომლის შესახებაც ცნობილი 2024 წლის ბოლოს გახდა. საუბარია კომპანია "გლობალ ბიერ ჯორჯიაზე", რომელიც საქართველოში "ყაზბეგის" ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე "აისის", "შავი ლომის", საქართველოში "Heineken"-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. აღნიშნული ბიზნესის მყიდველი ნიდერლანდული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა. ჯგუფი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალიც 2023 წელს 1.12 მილიარდი ევრო იყო. Royal Swinkels-ის უმსხვილეს ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი. წლის ბოლოს კონკურენციის სააგენტომ Royal Swinkels-ის და GCAP-ის $63-მილიონიან გარიგებაზე თანხმობა გასცა.