აუდიტორული კომპანია EY-სა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის 2025 წლის საოჯახო ბიზნესების ინდექსში შემავალმა 500-მა კომპანიამ $8.8 ტრილიონი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა - 10%-ით უფრო მეტი, ვიდრე 2023 წელს მაშინ, როცა ამავე პერიოდში გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 3.3%-ით გაიზარდა.
ამასთან, ინდექსში შემავალი 500 კომპანიის საშუალო წლიური გენერირება $17 მილიარდ დოლარს აღემატება, მათი 80%-ის შემოსავალი კი - $5 მილიარდს.
მეტიც, ინდექსით შეფასებული 500 კომპანიის საერთო შემოსავალი, რომელიმე ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტად რომ ვაქციოთ, ის მსოფლიოს რიგით მესამე ეკონომიკის ეკვივალენტი იქნებოდა და რეიტინგში მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ჩამორჩებოდა.
Ford Motor Company - $176 მილიარდი
გლობალურად რიგით მეხუთე უმსხვილესი საოჯახო ბიზნესი საჯაროდ დალისტული Ford Motor Company-ა. 12 ინვესტორითა და 1 000 აქციით, ჰენრი ფორდმა კომპანია 1903 წელს დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციის სახით ჩადებული $28 000 დოლარი თითქმის სრულად დაიხარჯა, ვიდრე Ford-ის მარკის პირველი ავტომობილი საერთოდ გაიყიდებოდა, ახლად შექმნილმა კომპანიამ მოგებაზე გასვლა სულ რამდენიმე თვეში შეძლო. ჩრდილოეთ ამერიკაში სწრაფი ექსპანსიის წყალობით, საზღვარგარეთ პირველი ფილიალი კომპანიამ 5 წელიწადში, საფრანგეთში გახსნა. შემდეგ, საავტომობილო ისტორიის გარდამტეხ მომენტში, 1913 წელს, ჰენრი ფორდმა მასობრივ წარმოებაში თავისი ახალი გამოგონება, ინოვაციური ამწყობი ხაზი ჩააინტეგრირა და იაფი, გამძლე მანქანების გამოშვება დაიწყო , რითაც ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი უფრო ფართო საზოგადოებისთვის გახდა. მას შემდეგ კომპანიამ სწრაფი ექსპანსია და პორტფოლიოს დივერსიფიკაცია გააგრძელა. დღეს Ford-ი წლიურად $176 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს და 177 ათას ადამიანს ასაქმებს. ამჟამად ჰენრი ფორდის შთამომავლობა კომპანიაში დაახლოებით 40%-იანი წილის მფლობელია.
Cargil - $177 მილიარდი
მეოთხე ადგილს 1865 წელს უილიამ უელს კარგილის მიერ მინესოტაში დაფუძნებული კორპორაცია, Cargill იკავებს. კომპანიის ისტორია უილიამის მიერ მარცვლეულის საწყობის შესყიდვით იწყება. მის წამოწყებას ათი წლის განმავლობაში ბიზნესმენის ორი ძმაც შეუერთდა და ერთად შექმნეს კომპანია, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით, შემოსავლების მიხედვით, უმსხვილეს კერძო კორპორაციად იქცა. Cargill-ის საქმიანობა ვაჭრობაა. კომპანია ვაჭრობს მარცვლეულითა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით, ენერგიით თუ ფოლადით. მის მრავალფეროვან პორტფოლიოს მიეკუთვნება საფინანსო ინსტიტუციები და ჯანდაცვისა და ფარმაციის კომპანიები. კომპანიის წლიური შემოსავალი $177 მილიარდი დოლარია. კორპორაციაში, რომლის 80%-იანი წილის მფლობელიც კარგილების ოჯახია, 160 ათასი ადამიანია დასაქმებული.
Schwarz Group - $180 მილიარდი
ხუთეულში პირველი ევროპული კომპანია 1930 წელს, გერმანიაში დაიბადა. Schwarz Group დღეს საცალო გაყიდვების მრავალეროვნული კორპორაციაა, რომელიც ევროპის ყველაზე ცნობილი ჰიპერმარკეტების ბრენდებსაც აერთიანებს. ბიზნესი ჯოზეფ შვარცმა 95 წლის წინ დაიწყო, მას შემდეგ კი იმდენად გაფართოვდა, რომ გლობალურად 32 ქვეყანაში 15 ათასამდე მაღაზიას აერთიანებს. საცალო გაყიდვებთან ერთად, "შვარც ჯგუფი" საკვებისა და სასმლის წარმოებაშიც ოპერირებს, მართავს საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ფონდებსაც, რომლებიც, ძირითადად, დამფუძნებელი ოჯახის მშობლიურ რეგიონზე არიან კონცენტრირებული. შვარც ჯგუფის შემოსავალი წლიურად $180 მილიარდს აღწევს. კომპანია 575 ათას ადამიანს ასაქმებს. შვარცების ოჯახი კი კორპორაციის დაახლოებით 75%-ს აკონტროლებენ.
Volkswagen - $356 მილიარდი
1931 წელს ახალგაზრდა მექანიკოსმა ფერდინანდ პორშემ საავტომობილო დიზაინის კომპანია დააფუძნა და Porsche დაარქვა. კომპანიის ადრეულმა მოდელებმა წარმატება მალევე მოიპოვეს, თუმცა გარდამტეხი მომენტი მაშინ დაუდგა, როდესაც გერმანიაში ხელმისაწვდომი ავტომობილების მოთხოვნა გაიზარდა და ადოლფ ჰიტლერმა პორშეს Vokswagen მარკის “სახალხო მანქანის” შექმნა დაავალა. “ფოლკსვაგენი” 1937 წელს შეიქმნა და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა, რომელიც Bentley, Bugatti, Lamborghini-სა და Audi-ს ბრენდებს აერთიანებს. დღეს კომპანია მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი საოჯახო კორპორაციაა, რომელსაც დღემდე პორშეთა ოჯახი მართავს. გერმანული კომპანია წლიურად $356 მილიარდის შემოსავალს იღებს და გლობალურად 684 ათას თანამშრომელს ასაქმებს.
Walmart - $648 მილიარდი
მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საოჯახო ბიზნესი 1962 წელს ძმებმა სემ და ჯეიმს ვალტონებმა დააფუძნეს და Walmart-ი უწოდეს. უილტონებმა პირველი სუპერმარკეტი არკანზასის შტატში გახსნეს და სრულად შეცვალეს საცალო ვაჭრობის ინდუსტრია, ხელმისაწვდომი ფასებისა და დადებითი სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებით. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები Walmart-ისგან საფრთხეს ვერ გრძნობდნენ, ძმების მიდგომამ გაამართლა და 1970-იანი წლებიდან, როდესაც “ვოლმარტის” IPO შედგა, კომპანია ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციად იქცა. დღეს “ვოლმარტი” ჰიპერმარკეტებისა და უნივერმაღების ქსელებს აშშ-სა და მსოფლიოს სხვა 32 ქვეყანაში მართავს. მისი წლიური შემოსავალი $648 მილიარდს აღწევს. კომპანია ლიდერია სამუშაო ძალითაც, რომელიც 2 მილიონზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. დღეს ვალტონების ოჯახი კომპანიის 45%-მდე წილს ფლობს.




























