მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-საექსპორტო ქვეყნებში - პერუში, ესპანეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

63f61c1c4d62a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.23 09:35
1519
2023 წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეული მნიშვნელოვნად დაკორექტირდა და მოწინავე პოზიციებზე წელს ისეთმა ქვეყნებმა გადმოინაცვლეს, როგორებიც ესპანეთი და ყირგიზეთი არიან. იანვარში ათეულში თავისი პოზიციები პერუმაც შეინარჩუნა, რომელიც TOP-ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველად გასულ წელს მოხვდა.

საქსტატის მიერ 20 თებერვალს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მონაცემებში უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნების ათეულს თუ გადავხედავთ, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა პერუში, ესპანეთში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სომხეთსა და რუსეთში დაფიქსირდა. საქონლის რეალიზება შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც გაიზარდა ჩინეთში, თურქეთში და აზერბაიჯანში. ბულგარეთში ექსპორტი შემცირდა, თუმცა პარტნიორი ქვეყანა იანვრის მიხედვით TOP-საექსპორტო ქვეყნებს შორის მოხვდა.

რა გავყიდეთ და რა ვიყიდეთ იმ ქვეყნებში სადაც ექსპორტი იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა:

პერუში მიმდინარე წლის იანვარში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი რეკორდულად 24 461%-ით გაიზარდა. ამ მიმართულებით ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა მხოლოდ ერთ თვეში 17 მლნ დოლარი შეადგინა. მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარში, ექსპორტის მაჩვენებელი 69 ათას დოლარს შეადგენდა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ იანვარში ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი საქონლის რეალიზება მოხდა და ეს მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი სასუქები იყო. შესაბამისად, იანვარში პერუში 17 მლნ დოლარის ღირებულების 31 500 ტონა გაიყიდა.

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში საქართველომ პერუში მხოლოდ 139 ათასი დოლარის ღირებულების გაყინული თევზი შეიძინა.

ესპანეთი - მეორე ქვეყნა აღმოჩნდა უმსხვილეს საექსპორტო მიმართულებებს შორის, სადაც რეალიზების მაჩვენებელი იანვარში 2 332.1%-ით გაიზარდა. ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 19.1 მლნ დოლარი შეადგინა და ესპანეთმა წლის დასაწყისისთვის 4.2%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. ამ შემთხვევაში, ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი შედარებით მრავალფეროვანია, თუმცა ექსპორტის დიდი ნაწილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის. რეალიზებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 18.2 მლნ დოლარი, 8 849 ტონა;
2. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 444 ათასი დოლარი, 235 ტონა;
3. თხილი და სხვა კაკალი - 227 ათასი დოლარი, 44 ტონა;
4. მანგანუმის ოქსიდები - 148 ათასი დოლარი, 175 ტონა;
5. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 88 ათასი დოლარი, 11 ტონა;
6. ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები - 15 ათასი დოლარი, 6 ტონა.

ექსპორტთან ერთად წელს გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელიც და ქვეყნიდან ესპანეთში საქონლის შესაძენად 13 მილიონ 870 ათასი დოლარი გავიდა, ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით 47% იყო. იმპორტირებული საქონლის ხუთეულში კი კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები (2.4 მლნ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (738 ათასი დოლარი), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (665 ათასი დოლარი), გოგონას კოსტუმები, კომბინიზონები და სხვა (617 ათასი დოლარი), შავი ლითონის ცისტერნები, კასრები, ყუთები (554 ათასი დოლარი).

ყირგიზეთი მიმდინარე წლის იანვარში ასევე მოხვდა TOP-საექსპორტო ქვეყნების ათეულში. ამ შემთხვევაში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 1 031% იყო. ამგვარად ყირგიზთმა 3.6%-იანი წილით რეიტინგში მეათე ადგილი დაიკავა. ამ შემთხვევაში ექსპორტის ასეთი ზრდა საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა. ყველაზე დიდი სასაქონლო ჯგუფების რეიტინგი კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 16 მლნ დოლარი;
2. კიბოსნაირნი - 171 ათასი დოლარი;
3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 88 ათასი დოლარი;
4. სატვირთო ავტომობილები - 85 ათასი დოლარი;
5. ბამბა, მარლა, ბინტები - 34 ათასი დოლარი.

ყირგიზეთიდან იმპორტის მაჩვენებელი მცირეა, თუმცა გაორმაგებულია. იანვარში ყირგიზეთიდან 356 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შევიძინეთ. იმპორტირებულ საქონელს შორის კი თხილი და კაკალი, მინერალური და დაგაზიანებული წყლები, გამხმარი პარკოსანი ბოსტნეული, ვარვარის ელექტრული ნათურები, სპაგეტი, ვერმიშელი, მაკარონი და სხვა პროდუქტებია.

ცნობისთვის: გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. მათ შორის ყველაზე მეტი - $87.8 მილიონის ექსპორტი რუსეთის ფედერაციის ბაზარზე განხორციელდა.

$69.8 მილიონით მეორე პოზიციას ექსპორტში სომხეთი იკავებს, $51.9 მილიონით კი მესამეზე აზერბაიჯანია. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე) პოზიციაზე. დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება.







გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები