სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე - ასე აფასებს ლევან რატიანი თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მისი თქმით, პაციენტს ყველა ტიპის კვლევა უტარდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მედიის დამატებით კითხვას, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვის დაზიანების გარდა აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები, ექიმმა არ უპასუხა.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.




























