"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მხრიდან თორნიკე რიჟვაძის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ მან მედიას „სამარცხვინო ტყუილების“ გავრცელებაში დასდო ბრალი.
„მე მუდმივად ვაკონტროლებ ამ [თორნიკე რიჟვაძის] საქმის მსვლელობას. რაც შეეხება სიახლეებს, შესაბამის ინფორმაციას საგამოძიებო უწყებები გაგიზიარებენ“, — განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კობახიძემ გაიმეორა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
"რაც შეეხება მუქარას, თუ ვინმე ემუქრებოდა თორნიკე რიჟვაძეს, ზუსტად ეს უნდა იყოს გამოძიების მთავარი საგანი.
ჩვენ თორნიკე რიჟვაძეს არაფერს ვაბრალებდით. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. რაც შეეხება ბრალდებებს, საჯარო მაგალითი გითხარით, ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს მფარველობას კანონიერი ქურდების თუ არ ვიცი, როგორ იყო. ვიმეორებ, მე და ჩემს მეგობრებს არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ყოველ ჯერზე, ძალიან თბილი შეხვედრები. რაც შეეხება როტაციას, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას, იქ როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება თანამდებობრივ ცვლილებებს, კობახიძის თქმით, როტაცია „ჩვეულებრივი ამბავია“ და მის კონკრეტულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს.
„როტაციის განხორციელება არის ჩვეულებრივი, მით უმეტეს, როცა კონკრეტული ადამიანი ტოვებს თანამდებობას“, — აღნიშნა მან.
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მედიაგარემო სტრესულია და აღნიშნა, რომ კონკრეტული სატელევიზიო არხები „ათას ტყუილს კადრულობენ“:
სამარცხვინო მედიასაშუალებები, რომლებიც ათას ტყუილს კადრულობენ... თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის“, — თქვა კობახიძემ და მაგალითად ის შემთხვევა მოიყვანა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის აუზი მისთვის იხურებოდა.
„იმ დღეს კომენტარი რომ გავაკეთე, მედია დავასახელე როგორც ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ქმნის სტრესს სამარცხვინო ტყუილებით. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი. თქვენ თქვენი სამარცხვინო ტყუილებით ქმნით სტრესულ გარემოს ადამიანებისთვის. ეს არ უნდა გეწყინოთ. ძალიან ბევრ სამარცხვინო ტყუილს ავრცელებთ, მე ერთი მაგალითი მოგიყვანეთ. []
აი, ასეთი ტყუილები, როცა ითქვა, რომ გივი მიქანაძე ჩემთვის ხურავდა აუზს, სადაც თვალითაც არ ვარ ნამყოფი – ეს არის სამარცხვინო ტყუილი. ჩემთვის ეს სტრესული არ არის, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება იყოს.“
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.




























