მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტოტო ვოლფი “მერსედესის” წილის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტოტო ვოლფი მერსედესი

Mercedes-ის ფორმულა 1-ის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი მოწინავე მოლაპარაკებებშია თავისი 33%-იანი წილის ნაწილის გაყიდვაზე, რომლის ღირებულებაც $6 მილიარდია.

თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება ფორმულა 1-ის გუნდისთვის ყველაზე მაღალი შეფასება ისტორიაში, რაც გადააჭარბებს გასულ თვეში “McLaren LP“-ის წილის გაყიდვისას დაფიქსირებულ $4.7 მილიარდს.
ვოლფი დარჩება Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელისა და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. გარიგება გულისხმობს გუნდის მცირე წილის გაყიდვას, რომელიც განხორციელდება ვოლფის ჰოლდინგური კომპანიის მეშვეობით, რომელიც ფლობს მის აქციებს.

ჯერჯერობით პოტენციური მყიდველის ვინაობა უცნობია, თუმცა Mercedes-ის F1 გუნდის აქციონერთა სტრუქტურა ამჟამად ასე გამოიყურება:

  • Mercedes-Benz — 33%

  • ტოტო ვოლფი — 33%

  • INEOS (ბრიტანული ქიმიური გიგანტი, რომლის თავმჯდომარე და მფლობელი ჯიმ რეტკლიფია) — 33%

INEOS-მა თავისი წილი Mercedes-ში 2022 წლის იანვარში შეიძინა. Mercedes-AMG Petronas-მა 2024 წელს $812 მილიონი შემოსავალი დააფიქსირა, რაც ფორმულა 1-ში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ტოტო ვოლფმა საკუთარი წილიდან $50 მილიონზე მეტი მიიღო ხელფასისა და დივიდენდების სახით.

ვოლფი მანამდე იყო Williams F1-ის ინვესტორი, ვიდრე 2013 წელს Mercedes-ში გადავიდოდა, როგორც ინვესტორი და აღმასრულებელი დირექტორი, მას შემდეგ რაც ბრენდი 2010 წელს დაბრუნდა ფორმულა 1-ში. მისი საწყისი ინვესტიცია გუნდმა $165 მილიონად შეაფასა.

2014 წლიდან Mercedes-მა დაიწყო თავისი დომინანტური ეპოქა, მოიგო რვა კონსტრუქტორის ტიტული ზედიზედ და შვიდი მრბოლელთა ჩემპიონობა ლუის ჰამილტონთან ერთად.

Mercedes-ის წარმატება დაემთხვა ფორმულა 1-ის გლობალურ ბუმს, რომელსაც ხელი შეუწყო Liberty Media-ს მფლობელობამ და პოპულარულმა Netflix-ის სერიალმა Formula 1: Drive to Survive, სადაც ვოლფი ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

ხალმა ბიუჯეტურმა შეზღუდვებმა ასევე გარდაქმნა სპორტის ეკონომიკა და გუნდების ღირებულებები უპრეცედენტოდ გაზარდა.

ადრე F1-ის გუნდის ფლობა ფინანსური თვითმკვლელობა იყო ბევრი გუნდი უბრალოდ ვერ უძლებდა ზარალს. 2010-იან წლებში Caterham, HRT და Manor Racing გაკოტრდნენ. 2015 წელს Renault-მ Lotus შეიძინა სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 1 ფუნტად.

ახლა სიტუაცია განსხვავებულია და McLaren-ის მაგალითი განსაკუთრებით აღსანიშნავია: გასულ სექტემბერში McLaren Racing-ის მფლობელებმა შეიძინეს ის 30%, რაც აქამდე არ ეკუთვნოდათ. MSP Sports Capital-მა, რომელმაც ეს წილი 2020 წლის დეკემბერში £185 მილიონად იყიდა, 10-ჯერ მეტი მოგებით გაყიდა. ეს იყო ინსტიტუციური ფონდისთვის ყველაზე დიდი მოგება სპორტის ისტორიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები