მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოვლს ვერ ვერევით, ღმერთის იმედად ვართ... კარგი იქნება სამაშველო თუ ამოვა - "სკიჯის სახლი"

გურია

თოვლს ვერ ვერევით, ღმერთის იმედად ვართ... კარგი იქნება სამაშველო თუ ამოვა - ამის შესახებ გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე აგროტურისტული ობიექტის „სკიჯის სახლის“ დამფუძნებელი დარეჯან ბერძენიშვილი BM.GE-სთან აცხადებს.

მან სოფელში დიდთოვლობით გამოწვეულ გართულუბებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თოვა გრძელდება და სახლების გადათოვლას მოსახლეობა საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს, რადგან ეს უსაფრთხო არ არის. დარეჯან ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ დღემდე გარე სამყაროს მოწყვეტილნი იყვნენ და არც იმის შესახებ იცოდნენ, რომ საგანგებო ვითარების პირობებში ცხელი ხაზები იყო ამოქმედებული.

„2 მეტრამდე თოვლი დევს. ელექტროენერგია მესამე დღეა არ გვაქვს. გაზი არის. გზა გუშინ ღამით გაწმინდეს, თუმცა ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. ღმერთის წყალობით ვართ და ბუნება რასაც იზამს. ახლაც თოვს.

სამაშველოდან ჩვენამდე ჯერ არავინ მოსულა. კიდევ კარგი ტურისტები არ გვყავდა, თორემ რა უნდა მექნა არ ვიცი. თოვლს ვერ ვჯობნით. ყველაზე დიდი სანერვიულო ის გვაქვს, რომ სახლის გადათოვლას ვერ ვახერხებთ და ისეთი სახურავიც არ გვაქვს, რომ თოვლი დაცურდეს. 1.5 მეტრი თოვლი დევს სახურავებზე და გადათოვლა ჭირს. მეშინია, ვინმე რომ მოგვეხმაროს, რამე არ მოუვიდეს.

გუშინ ღამით ტრაქტორმა, რომ ჩაიარა და გზა შეძლებისდაგვარად გაიწმინდა, სოფლის ცენტრში შევძელით ჩასვლა, რომ ტელეფონები დაგვემუხტა. სამეზობლოს ძალებით იმას ვახერხებთ, რომ სახლში ვინც მარტო არიან მათ პროდუქტი მივაწოდოთ და მოვიკითხოთ. კარგი იქნება სამაშველო თუ შემოვა, რადგან ჩვენით სახლების გადათოვლას ვერ ვახერხებთ. იმის შესახებაც არ ვიცოდით, რომ ცხელი ხაზები ამოქმედდა, შუქი არ გვქონდა და ტელეფონებიც დაგვიჯდა. დღეს ცენტრში, იუსტიციის სახლში ჩავედით, სადაც გენერატორია და უშუქობის დროს რთავენ და დავტენეთ ტელეფონები“, - აღნიშნავს აგროტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები