იაპონური საავტომობილო ინდუსტრიის გიგანტი, Toyota საკუთარ ამერიკულ ქარხნებში წარმოებული მოდელების იაპონიაში იმპორტსა და გაყიდვას დაიწყებს. როგორც Reuters-ი წერს, კომპანიის მიზანი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის მოპოვებაა, რომელსაც შტატებში $10 მილიარდის ინვესტირებასთან დაკავშირებით ქვეყნის ლიდერთან გარკვეული გაუგებრობა ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, Toyota 2026 წლიდან ამერიკაში წარმოებული სამი მოდელის, სედან Camry-ს, ყველგანმავალი Highlander-ისა და პიკაპის ტიპის Tundra-ს იაპონიაში იმპორტს და გაყიდვას დაიწყებს, თავად მშობლიურ ქვეყანაში ბაზირებულ ქარხნებს კი სხვა მოდელების აწყობისთვის გამოიყენებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ავტომწარმოებელმა მსგავსი მიდგომის შემოღებაზე მუშაობა ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში, ტრამპის იაპონიაში ვიზიტის შემდეგ მიიღო. სავარაუდოა, რომ პრემიერ-მინისტრ ტაკაიჩისთან და კომპანიების ლიდერებთან შეხვედრისას ტრამპმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო დისბალანსზე კრიტიკული განცხადებები გააჟღერა და იაპონური ინდუსტრიის გიგანტებს ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. როგორც აღინიშნა, ეს არ არის Toyota-ს ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ამერიკის კეთილგანწყობის მოპოვებას ისახავს მიზნად. ავტომწარმოებელმა დააანონსა, რომ ჩრდილოეთ კაროლინას შტატში $13.9-მილიარდიან ბატარიების საწარმოს ააშენებს, დამატებით $10 მილიარდს კი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ამერიკაში მდებარე Toyota-ს საწარმოების გასაფართოებლად გამოიყენებს.




























