მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

Joby Aviation და Toyota

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ და საჰაერო ტაქსების ამერიკულმა დეველოპერმა Joby Aviation-მა კალიფორნიაში ელექტრონული საფრენი აპარატების საწარმოებლად ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. როგორც ირკვევა, ახალ საწარმოში, რომელსაც ეწოდა Joby Toyota Aero Manufacturing Preparation Company, იაპონური მხარე აქციების 51%-ს მიიღებს. ეს პარტნიორობა Joby Aviation-ს ტესტირებისა და სერტიფიცირების ფაზიდან კომერციულ წარმოებაზე გადასვლაში დაეხმარება. კერძოდ, Toyota თავის ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს გამოიყენებს, რათა Joby-მ მფრინავი ტაქსები ინდუსტრიულ წარმოებაში ჩაუშვას.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Joby S4-ის მოდელის პირველი აპარატის საპილოტე წარმოება კალიფორნიის ქალაქ მარინაში უკვე მიმდინარეობს. აღნიშნულ მფრინავ ელექტრო-ტაქსის 6 ფრთა აქვს და ის 4 მგზავრსა და 1 პილოტზეა გათვლილი. ის შვეულმფრენის მსგავსად მოძრაობს და საათში 320 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. სრული დატვირთვით მას 160 კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლია. როგორც კომპანიებში განაცხადეს, S4-ის წარმოება მალე მასიურად დაიწყება და ის როგორც ნიუ-იორკში, ისე ლოს-ანჯელესსა და დუბაიში გამოჩნდება.

Joby Aviation-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ჯობენ ბევირტის განცხადებით, Toyota მათ გვერდით უკვე მრავალი წელია დგას და ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს იაპონური ბრენდის ერთგულებას იდეების მიმართ. თავის მხრივ, Toyota-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აკიო ტოიოდამ განაცხადა, რომ გადაადგილების მფრინავი საშუალებები მათ კორპორაციულ ფილოსოფიას სრულად შეესაბამება.

ცნობისთვის, იაპონური ავტომწარმოებელი Joby Aviation-თან 2019 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიამ პარტნიორში 2020 წელს $394 მილიონი, ხოლო 2024 წელს დამატებით $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები