კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"
Ford-ის დირექტორი ტრამპს ჩინური EV-ტექნოლოგიების დაშვებას სთხოვს
Ford-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯიმ ფარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალ ინიციატივას განიხილავს, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ჩინური ელექტრომობილების ტექნოლოგიების დაშვებას გულისხმობს, ოღონდ მკაცრად განსაზღვრული პირობებით. Ford-ი სთავაზობს თეთრ სახლს, რომ ჩინურმა კომპანიებმა ააშენონ აშშ-ში ქარხნები, თუმცა ამერიკული კომპანიების საკონტროლო პაკეტისა და მართვის ქვეშ.
ამ მოდელით ავტომობილების წარმოებას ამერიკელი მუშახელი უზრუნველყოფს, რაც ადგილობრივ ბაზარზე სამუშაო ადგილებს შექმნის. ამასთან, ჯიმ ფარლიმ ჩინური ავტოინდუსტრიას „ეგზისტენციალური საფრთხე“ უწოდა და მიიჩნევს, რომ მათი გამოცდილების გარეშე ამერიკული კომპანიები კონკურენციას ვერ გაუძლებენ და გაკოტრდებიან.
General Motors სტრატეგიის ხელმძღვანელად Lucid-ის მენეჯერს ნიშნავს
General Motors-მა სტრატეგიის ხელმძღვანელად Lucid Motors-ის კადრი დანიშნა, რაც ინდუსტრიაში მკაფიო სიგნალია: ტრადიციული გიგანტი სტარტაპულ აგრესიაზე გადადის. Lucid-ის გამოცდილება პრემიუმ ინჟინერიასა და ენერგოეფექტურობაში GM-ს დაეხმარება, რომ ავტო მწარმოებლიდან პროგრამულ მობილობის კომპანიად გადაიქცეს.
ამ დანიშვნით GM ცდილობს ბიუროკრატიული ციკლები დააჩქაროს და Cadillac-ისა თუ Chevrolet-ის პორტფელში Lucid-ის ვერტიკალური ინტეგრაციის ლოგიკა გადმოიტანოს. როცა ბაზარზე კონკურენცია ტექნოლოგიურ რბოლაში გადადის, GM-ისთვის მთავარი არა მხოლოდ „რკინა“, არამედ პროგრამული უპირატესობა ხდება. ეს არის „ვეშაპის“ მცდელობა, ისწავლოს ცურვა ისე, როგორც ამას მოქნილი EV-სტარტაპები აკეთებენ.
Rivian-მა წელი პირველად, მოგებით დაასრულა
Rivian-მა 2025 წელი ისტორიული შედეგით დაასრულა: კომპანიამ პირველად მიაღწია $144-მილიონიან საოპერაციო მოგებას. მთავარი დრაივერი პროგრამული უზრუნველყოფა და Volkswagen-თან პარტნიორობა აღმოჩნდა, სადაც შემოსავალი 222%-ით გაიზარდა.
წინ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია: 2026 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე მასობრივი R2 გამოდის. კომპანია წელს 67 ათასამდე ავტომობილის მიწოდებას გეგმავს. AI ასისტენტისა და „ერთიანი ინტელექტის“ პლატფორმის დანერგვით, Rivian ამტკიცებს, რომ „ფულის წვის“ ეპოქა დასრულდა — სტარტაპი სრულფასოვან, მოგებიან ტექნოლოგიურ მოთამაშედ გარდაიქმნა. ილინოისის ქარხანა უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია.
Toyota ოფიციალურად წარადგენს 2027 Highlander EV-ს - 515 კმ სვლის მარაგით
Toyota-მ კონსერვატიული ლოდინის რეჟიმი დაასრულა და 2027 წლის Highlander EV-ით ელექტრომობილების ბაზარზე აგრესიული ნაბიჯი გადადგა. ეს არის ბრენდის პირველი აშშ-ში წარმოებული 3-რიგიანი SUV, რომელიც 515-კილომეტრიანი სვლითა და 338 ცხენის ძალით ოჯახურ კომფორტს ელექტრო-სიმძლავრესთან აერთიანებს.
სტრატეგიული თვალსაზრისით, Toyota ორ მნიშვნელოვან ბარიერს არღვევს: Tesla-ს NACS პორტის ინტეგრაციით დამუხტვის ინფრასტრუქტურას ითვისებს, ხოლო V2L ფუნქციით ავტომობილს მობილურ ენერგოწყაროდ აქცევს. კენტუკის საწარმოო ხაზი და ჩრდილოეთ კაროლინას ბატარეების ქარხანა მიუთითებს, რომ იაპონური გიგანტი ამერიკაში სრულ ციკლს აანონსებს. სანამ კონკურენტები EV-სტარტაპებიდან კადრებს იზიდავენ, Toyota პრაქტიკულობითა და ლოკალური წარმოებით უტევს. ეს მოდელი 2026 წლის ბოლოს გამოვა და საბოლოოდ დაასრულებს კითხვას — რამდენად სერიოზულია Toyota-ს ელექტროამბიციები.





























