კვირის მთავარ ავტოსიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"
Hyundai და General Motors ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს გააფორმებენ
გასულ კვირაში ავტოინდუსტრიის წიაღში მნიშვნელოვანი გარიგება შედგა. Hyundai და General Motors ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმს გააფორმებენ და ახალ ავტომობილებზე ერთობლივად იმუშავებენ. კორეული და ამერიკული კომპანიების შეთანხმება საკმაოდ მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ თანამშრომლობა მოიცავს, როგორც შიგა წვის ასევე სრულად ელექტრო და სამომავლოდ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების შექმნასაც. Hyundai და General Motors-ის მიზანს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი ავტომობილების შექმნა და წარმოების ეფექტიანობის გაზრდაა. ძალების გაერთიანება Hyundai-სა და GM-ს ასევე საშუალებას მისცემს საწარმოო ხარჯები შეამცირონ და სიმძლავრეები გაზარდონ. ეს კი თავის მხრივ ჩინურ ავტომწარმოებლებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია.
BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს შექმნის
გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია, გერმანული BMW წყალბადზე მომუშავე ავტომობილების კომერციალიზაციას იწყებს. ამ საქმეში გერმანული ავტოკონცერნის სტრატეგიული პარტნიორი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია, იაპონური Toyota იქნება, რომელიც წყალბადზე მომუშავე, ისევე, როგორც ჰიბრიდული ავტომობილების სფეროში უდავო ლიდერად ითვლება. კომპანიები წყალბადზე მომუშავე სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის რამდენიმე პლატფორმას შექმნიან, რომელთაც ორივე კომპანია გამოიყენებს. წყალბადზე მომუშავე პირველი BMW გზებზე 2028 წელს უნდა გამოჩნდეს. ავტომობილის საწვავად წყალბადის გამოყენება გერმანული ავტომწარმოებლისთვის სიახლე არ არის, პირიქით - ამ ტექნოლოგიის განვითარება მიუნხენში წლების წინ დაიწყეს და პროტოტიპული iX5-იც შექმნეს, რომელმაც მსოფლიო მოიარა. BMW ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ჭეშმარიტი ნოვატორია და გასაკვირი არ არის, რომ წყალბადზე მომუშავე პირველი კომერციულად გამართული ავტომობილი სწორედ მან შექმნას. როგორც BMW-ში ამბობენ, წყალბადის ტექნოლოგია, პირველად, უკვე არსებულ მოდელებში დაინერგება და ლოგიკური იქნება, რომ ეს მე-5 სერიის სედანი ან X5 იყოს, განსაკუთრებით iX5-ის გამოცდილების ფონზე. მარტივი მისახვედრია, რომ გერმანული და იაპონური კომპანიების სტრატეგიულ თანამშრომლობას რამდენიმე მიზანი აქვს, მაგრამ მათ შორის უპირატესი, ცხადია, წყალბადის ტექნოლოგიის გაიაფებაა. საქმე ისაა, რომ ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა Toyota-მ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიწყო და დღემდე, ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარი დახარჯა, ანუ ნოუჰაუს ფლობს. წყალბადზე მომუშავე კომერციულად ხელმისაწვდომი პირველი ავტომობილი - Toyota Mirai იაპონელებმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოუშვეს, ანუ გამოცდილება, რომელიც აკიო ტოიოდას კომპანიას ამ მიმართულებით აქვს, უბრალოდ უალტერნატივოა.
Teramont - Volkswagen-ი მისი ახალი ყველგანმავალის პრეზენტაციისთვის ემზადება
გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი მისი ახალი ყველგანმავალის პრეზენტაციისთვის ემზადება. თუმცა ოფიციალურ წარდგენამდე ახალი Teramont-ის ფოტოები ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ღია მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა. სიახლე ჯერჯერობით სერტიფიცირებულია ერთადერთ ვერსიაში 450 TSI 2.0 ბენზინის ძრავით და AWD ვერსიით. ცნობილია, რომ Volkswagen Teramont-ის მეორე თაობა ჩინეთში მიიღებს Pro ვერსიას. ახალი პროდუქტი გაიზრდება ზომით: 106 მმ სიგრძით, 2 მმ სიგანით და 15 მმ სიმაღლით. ამავდროულად, ღერძებს შორის მანძილი იგივე დარჩება. გვერდიდან ქროსოვერი ყველაზე ადვილად ამოიცნობა მისი „ფარული“ სახელურებით, უკნიდან კვადრატული ფორმის სანათებით, ასევე გარეგნობის მნიშვნელოვანი დეტალია შეცვლილი და არასტანდარტული ცხაურა. ახალი Volkswagen Teramont-ის პრემიერის თარიღი არ გამოცხადებულა: შესაძლოა ქროსოვერი მხოლოდ მომავალ წელს გამოჩნდეს. მოსალოდნელია, რომ დებიუტი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შედგება.
Theory 1- ბრიტანული Lotus-ი პრემიერისთვის ემზადება
პრემიერისთვის ემზადება Lotus-იც. ბრიტანულმა ბრენდმა ახალი, იდუმალი პროდუქტის პრემიერა 16 სექტემბერს გამოაცხადა. სახელწოდება, Theory 1 მიანიშნებს, რომ ეს კონცეპტუალური ავტომობილი იქნება. სახელში სიტყვა Theory მიანიშნებს იმაზე, რომ ბრიტანელები აჩვენებენ დიზაინის კვლევის შედეგს, რომელიც მომავალ, ახალ პროდუქტს დაედება საფუძვლად და სავარაუდოა, რომ ეს მომავალი ახალი პროდუქტი სპორტული Type 135 იქნება.
ტიზერში, რომელიც გავრცელდა ნაჩვენებია აქტიური უკანა სპოილერი, მის ქვემოთ არის წარწერა Lotus, რომელიც LED განათების თხელი ზოლების ჩარჩოშია მოქცეული.
Lotus-ს ასევე გაცხადებული აქვს, რომ სრულად ელექტრო სპორტულ ავტომობილზე მუშაობს, თუმცა ეს Type 135 იქნება, თუ სხვა რომელიმე მოდელი ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, მით უმეტეს, რომ სერიული წარმოების დაწყების და პრემიერის თარიღი 2027 წლამდე არ დადგება. მიუხედავად ამისა, წინასწარ ცნობილია მიახლოებული ფასი, რომელიც 95 ათასი დოლარის ფარგლებში იქნება.
Toyota Prius-ის ჰიბრიდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
Toyota Prius-ის ჰიბრიდი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. საქმე ისაა, რომ "პრიუსმა" გინესის მსოფლიოს რეკორდი საწვავის მოხმარებაში დაამყარა. რეკორდსმენი ავტომობილის საჭეს, ამერიკელი უეინ გერდესი მართავდა, რომელმაც დასავლეთიდან, აღმოსავლეთ სანაპიროსკენ აიღო გეზი. გერდესმა დაახლოებით 5,2 ათასი კილომეტრი დაფარა., საწვავის საშუალო ხარჯი კი 100 კილომეტრზე 2,53 ლიტრს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ავტომწარმოებელი ოფიციალურად აცხადებს - ”პასპორტის მიხედვით” Prius 4,13 ლიტრს მოიხმარს.
უეინ გერდესის მოგზაურობას რა თქმა უნდა აკვირდებოდნენ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, მოგზაურობის პირობები შორს იყო იდეალურისგან, რადგან მარშრუტი გადიოდა გზებზე, რომლებიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2 ათას 100 მეტრ სიმაღლეზე, ხოლო პერიოდულად ჰაერის ტემპერატურა აღწევდა 40 გრადუს ცელსიუსს. ორივე ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს საწვავის მოხმარებაზე, მაგრამ ამის მიუხედავად, საშუალო მოხმარება მხოლოდ 2,53 ლიტრი იყო100 კილომეტრზე.