დიდი ხანია, რაც Toyota Prius-ი ეკონომიისა და სანდოობის სინონიმია, ამჯერად იაპონურმა ავტომობილმა საწვავის მოხმარებასთან დაკავშირებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა და თავი გინესის წიგნში ჩაიწერა.
რეკორდი ასე გამოიყურება - ახალი თაობის Prius-მა ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე თითქმის 5,200 კილომეტრი გაიარა და ამ მოგზაურობის განმავლობაში ის 100 კილომეტრზე საშუალოდ 2.5 ლიტრ ბენზინს მოიხმარდა, რაც წინა რეკორდთან შედარებით 0.7 ლიტრით ნაკლებია.
როგორც რეკორდსმენი მძღოლი ვეინ გერდესი აღწერს, ავტომობილის მართვის პროცესში ის მაქსიმალურად ფრთხილი იყო და უეცარ მოძრაობებს ერიდებოდა. მიუხედავად სიფრთხილისა, ის თითქმის ყოველთვის სიჩქარის ლიმიტის ზღვარზე გადაადგილდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ეკონომიურობას ავტობანზე და საქალაქთაშორისო მაგისტრალებზეც ინარჩუნებდა, თანაც საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას.
ცხადია, 5,200-კილომეტრიანი მოგზაურობა მოიცავდა როგორც ქალაქის საცობებს, ასევე გრძელ ავტობანებს, უღელტეხილებსა და განსხვავებულ კლიმატურ ვითარებებს. უწყვეტად გადაადგილების მიუხედავად, ავტომობილს არავითარი ტექნიკური პრობლემა არ ჰქონია და მისი არცერთი დეტალი მწყობრიდან არ გამოსულა.
საერთო ჯამში, ამ რეკორდის გაფორმებით Toyota-ს ჰიბრიდულმა ავტომობილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რატომ არის Prius-ი ეკონომიისა და სანდოობის სიმბოლო.