მიმდინარე კვირას Toyota Motor Corporation-ის აქციების ფასმა 52-კვირიან მაქსიმუმს, $209.76-ს მიაღწია, ვაჭრობის მოცულობამ კი 31 154 აქცია შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა MarketBeat ავრცელებს.
გარდა ამისა, იაპონური კომპანიის ცნობით, ფისკალური წლის პირველ ნახევარში, აპრილ-სექტემბერში, Toyota-ს მარკის ავტომობილების გლობალური გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.7%-ით გაიზარდა და 5 267 216 ერთეული შეადგინა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
რეკორდული ზრდა ჩრდილოეთ ამერიკაში ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდით აიხსნება.
გარდა ამისა, რეკორდული იყო ფისკალური წლის პირველი ნახევარი Toyota Motor Corporation-ისთვისაც; შვილობილ Daihatsu Motor-სა და Hino Motors-თან ერთად, კომპანიამ 6 თვეში 5 643 042 ავტომობილი გაყიდა - ზრდა 5%-ია.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში, გაყიდვების ზრდის ტემპმა 10% შეადგინა. ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Rav 4-ისა და Camry-ის სერიების ჰიბრიდული ვერსიები იყო.
რაც შეეხება ჩინეთში, სადაც ავტომწარმოებლებს შორის ფასწარმოქმნაზე დიდი კონკურენციაა, Toyota-ს გაყიდვები 5.5%-ით გაიზარდა, რასაც ხელი ახალი ელექტრომობილის გამოშვებამ შეუწყო.




























