თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის რაიონების გამგებლებს აფრთხილებს. „თუ თქვენი თანამშრომელი უპასუხისმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი, ამიტომ ისე დაალაგეთ და გადაალაგეთ თემა, რომ არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება“, - მიმართა კახა კალაძემ გამგებლებს და აქვე მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
დედაქალაქის მერის თქმით, მომდევნო 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ელოდება მთავრობისგან.
„განსაკუთრებული ურთიერთობა უნდა გქონდეთ თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან, არ უნდა იყოს რაღაც ბარიერები, გამგებელთან შეხვედრასთან მიმართებით ან რაიმე ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს. აუცილებელი და სწრაფი რეაგირებები უნდა გქონდეთ ზარებზე. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც გარკვეულ შემთხვევებში გვქონდა. მაგალითად, პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, შემოსული იყო შეტყობინება და ამას არ ჰქონდა რეაგირება.
ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და კონკრეტული თანამშრომელი კი არ აგებს პასუხს და მიიღებს შენიშვნას ან დაჯარიმდება, გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თანამდებობას. გამგებლები აგებთ პასუხს, როცა შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან მიმართებით, თბილისელებთან და თქვენივე რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებით. თქვენი თანამშრომელი თუ უპასუხუსმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი, ამიტომ ისე დაალაგეთ და ისე გადაალაგეთ თემა, რომ არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. არავის მოვერიდებით, ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანია ხალხი, დედაქალაქის მოსახლეობა. გაათმაგებული ენთუზიაზმით მივხედოთ ქალაქს. დიდი იმედი მაქვს თქვენი, ვაკეთოთ საქმე, საქმე და საქმე“, - მიმართა კალაძემ გამგებლებს.




























