მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თქვენ მხოლოდ იმაზე საუბრობთ, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება" - გიდის მიმართვა მაია ომიაძეს

ია გოცაძე

"თქვენ უნდა გვითხრათ კრიზისს როგორ გავუმკლავდეთ, თქვენ მხოლოდ საუბრობთ იმაზე, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება", - ასე მიმართა გიდმა ია გოცაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაია ომიაძეს ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას, რომლის მიზანიც ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ინდუსტრიის შედეგებისა და გეგმების წარდგენა იყო.

როგორც შეხვედრაზე მაია ომიაძისადმი მიმართვისას, გიდმა აღნიშნა, სახელმწიფო უწყება რეალურ პრობლემებზე არ საუბრობს.

„ეს ყალბი ილუზიები გასაგებია... ცოტათი მაინც გავიგებდი თქვენს პოზიციას, რეალურ პრობლემებზე რომ გველაპარაკებოდეთ, მაგრამ ვხედავთ ისევ თავის მართლებას“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია რისკადაც არ მიიჩნევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

„გაგრძელდება აქციები, გაგრძელდება სანქციები, გაგრძელდება ტურისტების რაოდენობის კლება, ამ პრობლემაზე თქვენ არ გვესაუბრებით. თქვენ არ ელოდებით კლებას, მაგრამ რეალობა სხვაა. თქვენ რისკადაც არ თვლით იმას, რომ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა“, - აღნიშნა ია გოცაძემ.

თავის მხრივ მაია ომიაძემ თქვა, რომ იმისათვის, რომ 2025 წელი ბევრად უკეთესი წელი იყოს ტურიზმისთვის, ერთად მუშაობაა საჭირო.

„თქვენი მიზანიც ის უნდა იყოს, რომ ერთად ვიმუშაოთ, რათა 2025 წელი იყოს უკეთესი. მათ შორის ფინანსურად. ეს შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. ჩვენგან რა გეგმებია, თქვენ რა გეგმები გაქვთ და სად შეიძლება მივეხმაროთ ერთმანეთს?! 40-ზე მეტი ტურისტული კომპანია იყო წამოსული ინდოეთში, ჰკითხეთ მათ, რამდენად კმაყოფილები იყვნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. შესაბამისად, ვისაც საქმის კეთება უნდა და მუშაობა, რომ 2025 წელი იყოს კარგი, ვმუშაობთ მათთან ერთად“, - განაცხადა მაია ომიაძემ.

ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025 წელს 5.7 მლნ საერთაშორისო ტურისტულ ვიზიტს პროგნოზირებს, რაც 11%-იან ზრდას ნიშნავს. ამასთან, მათივე პროგნოზით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 7%-ით გაიზრდება და 4.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. პარალელურად, ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ჯავშნების მკვეთრ კლებაზე საუბრობს, რის ფონზეც არარეალურად მიაჩნიათ ტურიზმის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები