თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქში წვიმის დროს ქუჩების დატბორვა უხვი ნალექის ბრალია. BMG-ის კითხვაზე, რატომ დგას ეს გამოწვევა იმ ქუჩებზე, რომლებიც ახლად რეაბილიტირებულია, აბაშიძე პირდაპირ პასუხს თავს არიდებს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის თავისთავად. მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 2 700-ზე მეტი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის უპრეცედენტო რაოდენობა, იმიტომ, რომ ჩვენ დედაქალაქში გვქონდა ძალიან დაზიანებული გამზირები, ქუჩები და მოხდა როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების [რეაბილიტაციის] შესრულება. ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენი, დედაქალაქის მერის, მერიის ყველა თანამშრომლის მთავარი ხედვა და ხელწერა დღეს არის, რომ ყველაფერი, რაც საჭიროებს რეაბილიტაციასა და გაუმჯობესებას, შემდგომ ოთხი წლის განმავლობაში განახორციელოთ.
ნუ როდესაც, უხვი ნალექი არის, ბუნებრივია... ახლა თქვენ, როგორ არ ვიცი, თქვენი ტელევიზია თუ მოახერხებს იმას, რომ დაარეგულიროს ნალექის რაოდენობა, მივესალმები და თუ შეძლებს ამას, მადლობასაც გადაგიხდით", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
ცნობისთვის, გასულ კვირებში ძლიერი წვიმის შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდა ქუჩების დატბორვის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას. ძლიერი წვიმის შემდეგ დაზიანდა ახლად რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირი, დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსები და წყალი ჩავიდა მეტროსადგურ სამედიცინო უნივერსიტეტშიც.




























