მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი 7 ფედერალურ სააგენტოს ამცირებს, მათ შორისაა RFE/RL და "ამერიკის ხმა"

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიცაა "რადიო თავისუფლება" (RFE/RL) და"ამერიკის ხმაც". ბრძანება, რომელიც ხელმოწერილია 14 მარტს, ასევე ეხება სააგენტოებს, რომლებიც აგვარებენ უსახლკაროების საკითხებს, შრომით დავებს და მუშაობენ მუზეუმების, ბიბლიოთეკების და საზოგადოებრივი თემების განვითარებაზე.

აღმასრულებელი ბრძანების გამოცემიდან მალევე, დასავლურ მედიაში გავრცელდა USAGM-ისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ "რადიო თავისუფლებას" კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი შეუჩერდა. წერილი ხელმოწერილია კარი ლეიკის მიერ, რომელიც USAGM-ის ხელმძღვანელის უფროს მრჩევლად არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ ლეიკი ტრამპმა "ამერიკის ხმის" ხელმძღვანელად წარადგინა. თუმცა მისი კანდიდატურა ჯერ საერთაშორისო სამაუწყებლო მრჩეველთა საბჭოს არ დაუდასტურებია.

RFE/RL-ის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ "ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება".

"75-წლიანი ისტორიის შემდეგ „რადიო თავისუფლების” დაშლას იზეიმებენ ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში. ჩვენი ოპონენტებისთვის გამარჯვების ჩუქება მათ გააძლიერებს, ამერიკას კი დაასუსტებს”, – აღნიშნავს ის.

"ჩვენ ვსარგებლობდით ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით RFE/RL-ის ისტორიაში. ჩვენ გარეშე დაახლოებით 50 მლნ ადამიანს დახურულ საზოგადოებებში, რომლებიც ჩვენზე არიან დამოკიდებული მიიღონ ზუსტი ახალი ამბები და ინფორმაცია ყოველკვირეულად, აღარ ექნება წვდომა სიმართლეზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ", - დასძინა მან,

ცნობისთვის, USAGM ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც აერთიანებს "ამერიკის ხმას", RFE/RL-ს, კუბას მაუწყებლობის ოფისს (Radio Marti), Radio Free Asia-ს, ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელს (MBN) და ა.შ. USAGM-ში შემავალი მედიები თითქმის 50 ენაზე დაახლოებით 361 მლნ ადამიანისთვის მაუწყებლობენ. მისი ბიუჯეტი 2025 ფისკალური წლის მიხედვით, 950 მლნ დოლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები