აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ "მაქსიმალური ზეწოლის" რეჟიმი აამოქმედა, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი ოფიციალურად მოაწერა. აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტებმა უმოკლეს ვადებში უნდა მიიღონ ყველა ზომა იმისათვის, რათა ირანის ეკონომიკა და მთავრობა მაქსიმალურად შეიზღუდოს.
ტრამპის განკარგულება მოიცავს როგორც უმკაცრესი სანქციების ამოქმედებას, ასევე ახალი რეგულაციების შექმნას, რომელთა მიზანი ირანის სანავთობო ექსპორტის მოცულობის ნულამდე შემცირება იქნება.
როგორც ტრამპი აცხადებს, ეს საკმაოდ რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, რადგან ის ირანის ეკონომიკას გააცამტვერებს და მოსახლეობას დააზიანებს, თუმცა აშშ-ის მთავრობა იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან ირანი სწრაფი ტემპით უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნას, რომელსაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს.
როგორც ცნობილია, ირანს უკვე აქვს 90%-ით გამდიდრებული ურანი და თან ქვეყანამ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იმ ცოდნასა და ტექნოლოგიასთან გაუჩნდება წვდომა, რომელიც ბირთვული პროგრამის გასავითარებლად აუცილებელია.
შეძლებს თუ არა "მაქსიმალური ზეწოლის" რეჟიმი ირანის მთავრობის განზრახვების შეჩერებას, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ქვეყანა ნავთობის ექსპორტით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებდა, რომელიც წლიურად საშუალოდ $55 მილიარდს შეადგენდა.