აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც კვალიფიციური უცხოელი კადრებისთვის, H-1B სამუშაო ვიზის პროგრამის კანდიდატებისთვის, წლიური გადასახადი $100 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ტრამპის ბრძანებაში საუბარია პროგრამით ბოროტად სარგებლობაზე და იკრძალება უცხოელთა ქვეყანაში შესვლა, ვიდრე ისინი გადასახადს არ გადაიხდიან.
ამ დრომდე H-1B პროგრამას ექსპერტები ხშირად აკრიტიკებდნენ "ამერიკული სამუშაო ძალის დაქვეითების" საბაბით, მისი მხარდამჭერები კი, მათ შორის ილონ მასკიც, აღნიშნავდნენ რომ სამუშაო ვიზის პროგრამას აშშ-ში წამყვანი ტალანტების მოზიდვა შეუძლია.
ტრამპმა კიდევ ერთი ბრძანება გამოსცა, რომლითაც ოფიციალურად ამოქმედდა "ოქროს ბარათები" - სწრაფი ვიზები, რომლებიც მდიდარ იმიგრანტებს კონკრეტული ფასის გადახდის სანაცვლოდ გადაეცემათ. ტრამპის ოქროს ბარათების ღირებულება 1 მილიონი დოლარიდან იწყება.
ბრძანება ძალაში 21 სექტემბრიდან შევა და სამუშაო ვიზის მიღების ყველა ახალ მსურველზე გავრცელდება. როგორც აშშ-ის ვაჭრობის მდივანი მედიასთან აღნიშნავს, $100 00 დოლარის გადახდა მოუწევთ კომპანიებსაც თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე, შემდეგი 6 წლის განმავლობაში.
"კომპანიებმა უნდა გადაწყვიტონ, თანამშრომელი იმდენად ღირებულია, რომ მთავრობისთვის წლიურად 100 000 დოლარის გადახდა ღირს თუ ჯობია, ისინი სახლში გაგზავნონ და ამერიკელები დაასაქმონ", - განაცხადა ჰოვარდ ლუტნიკმა და აღნიშნა, რომ ყველა მსხვილი კომპანია ინიციატივას ეთანხმება.
BBC-ის ცნობით, 2004 წლიდან დღემდე წლიურად H-1B ტიპის მაქსიმუმ 85 000 ვიზა გაიცემა. ამ დრომდე წლიური მოსაკრებელი $1500-ს შეადგენდა.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სერვისების მონაცემები კი აჩვენებს, რომ მომდევნო სამუშაო წლისთვის H-1B ვიზაზე 359 000 უცხოელი დარეგისტრირდა, რაც 4-წლიანი ანტირეკორდია. გასულ ფინანსურ წელს სავიზო პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი Amazon-ი იყო. ბენეფიციარებს შორის არიან: Microsoft, Meta, Apple, Google და სხვა.
როგორც ცნობილია, მოქმედი H-1B ვიზის მფლობელებს ქვეყანაში დარჩენა იმავე პირობებით შეეძლებათ, როგორც აქამდე.




























