კრემლმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. როგორც რუსული მხარე აცხადებს, პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკების გამართვას წინ აღარაფერი უდგას.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების ისტორიული სამიტი მომავალ კვირას იგეგმება, თუმცა კონკრეტული დღე ჯერ არ ცხადდება.
"მხარეები ამ შეხვედრისთვის მზადებას იწყებენ, თუმცა რამდენი დღე დასჭირდება ამას, რთული სათქმელია. შეხვედრის მომდევნო კვირაში გამართვის ვერსია განიხილება და ამ ვერსიის მიმართ დადებითად ვართ განწყობილნი", - განაცხადა უშაკოვმა.
რაც შეეხება ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის ადგილს, პუტინის თანაშემწე ამბობს, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია, თუმცა მოგვიანებით გაცხადდება.
აღსანიშნია, რომ ეს შეხვედრა 2021 წლის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის გამართული პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება.
ცნობისთვის, შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი მოსკოვში პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. მართალია, ტრამპს ამერიკა-რუსეთ-უკრაინის სამმხრივი სამიტის ორგანიზება სურდა, თუმცა ჯერჯერობით, კრემლი მხოლოდ ორი ლიდერის შეხვედრას თანხმდება.




























