აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ სურს იხილოს გაერთიანებული ირლანდია. ტრამპმა დუბლინში ოფიციალური შეხვედრები გამართა, რის შემდეგაც საკუთარ გოლფ-კლუბში დაგეგმილ ტურნირზე დასასწრებად გაემგზავრა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიჰოლ მარტინთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ირლანდიის რესპუბლიკისა და გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანება „შესაძლოა ახლავე მოხდეს“.
„არ მინდა პრობლემების შექმნა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მას გაერთიანებულს. ვფიქრობ, ეს დიდებული რამ იქნება“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე „ბრიტანეთსაც ექნება სათქმელი“.
საუკუნის წინ, როდესაც ირლანდიამ თვითმმართველობა მოიპოვა, კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ექვსი ოლქი, სადაც პროტესტანტული უმრავლესობა ცხოვრობდა, გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩა. პროტესტანტ იუნიონისტებსა და კათოლიკე ნაციონალისტებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება სამი ათწლეულის განმავლობაში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. 1998 წელს აშშ-ის ჩართულობით ხელმოწერილმა სამშვიდობო შეთანხმებამ ძალადობა შეაჩერა, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის საბოლოო სტატუსი ღიად დატოვა.
ვიზიტის ფარგლებში ტრამპმა შეხვედრა გამართა ირლანდიის პრეზიდენტ კათრინ კონოლისთანაც, რის შემდეგაც აშშ-ისა და ირლანდიის ბიზნეს-ლიდერებს სიტყვით მიმართა. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი დუნბეგში მდებარე საკუთარ გოლფ-კლუბში გაემგზავრა, სადაც Irish Open-ის ტურნირს დაესწრება.
























