აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას ღვინოზე 200%-იანი ტარიფის დაწესებით ემუქრება. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი სოციალურ ქსელ truthsocial-ში წერს. მისი თქმით, 200%-იან ტარიფს დააწესებს ევროკავშირში ნაწარმოებ ყველა სახის ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე, თუ ევროპული ბლოკი ამერიკულ ვისკიზე დაგეგმილ ტარიფებს არ მოხსნის.
"ეს შესანიშნავი იქნება ამერიკაში ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის", - განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 12 მარტს ევროკავშირმა აშშ-ის 26 მლრდ ევროს მოცულობის საქონელზე აპრილიდან ტარიფების ამოქმედების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. ტარიფები ეხება ამერიკულ ვისკისაც.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბრიუსელის ერთგვარი პასუხი აშშ-ის მიერ ევროპულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების გაზრდაზე.