აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გააჟღერა ინიციატივა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა ილონ მასკის კომპანიებისთვის გაცემულ სუბსიდიებს უნდა გადახედის და "დიდი ფული" დაზოგოს - ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტის საგადასახადო პოლიტიკა.
"ილონი უფრო მეტ სუბსიდიას იღებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი ისტორიაში. და სუბსიდიის გარეშე, ილონს ალბათ მოუწევდა, დაეკეტა თავისი მაღაზია და სახლში, სამხრეთ აფრიკაში დაბრუნებულიყო. აღარანაირი რაკეტის გაშვებები, სატელიტები და ელექტრომობილების წარმოება - ამით ჩვენი ქვეყანა დიდ ფულს დაზოგავდა. ალბათ DOGE-მა უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. დიდ ფულს დავზოგავთ!!!" - წერს ტრამპი.
ტრამპის პოსტის საპასუხოდ კი ილონ მასკმა X-ზე აღნიშნა, რომ სუბსიდიის შეწყვეტაზე თანახმაა: "პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველანაირი დაფინანსება შემიწყვიტოთ. ახლავე".
ტრამპსა და მასკს შორის საჯარო დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მომდევნო წლებში აშშ-ის სამთავრობო დეფიციტს $5 ტრილიონამდე გაზრდის, ამ თანხიდან $1 ტრილიონი კი ქვეყნის თავდაცვას მოხმარდება. მასკის განცხადებით, ეს კანონპროექტი „გიჟური და დამანგრეველია“ და აშშ-ის მთავრობის გაკოტრებას უწყობს ხელს. ამავდროულად, ილონ მასკი ახალი პარტიის დაფუძნების მოწოდებითაც გამოვიდა: "დროა, შეიქმნას პოლიტიკური პარტია, რომელსაც ნამდვილად ანაღვლებს ხალხი".
ილონ მასკმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის $300 მილიონი დოლარი გაიღო. ისვე ხელმძღვანელობდა ტრამპის ადმინისტრაციის სადავო მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს, რომელსაც ფედერალური ხარჯები უნდა შეემცირებინა. მასკი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი სწორედ DOGE-ის მიერ მიღწეულ შედეგებს წაშლის.




























