ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი ჯეფ ლენდრი დანიშნა. წარდგენის შემდეგ შტატების ლიდერი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტად კვლავ არქტიკული კუნძულის “მიერთება” რჩება. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლენდრის მოვალეობა ამ პროცესში აქტიური მოხალისის როლის მორგება იქნება და მას “საქმის ბოლომდე მიყვანა” დაევალება. გრენლანდიის ამერიკასთან შეერთების საჭიროება ტრამპმა ჩინეთიდან მომავალი სტრატეგიული საფრთხით ახსნა და თქვა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ხომალდების მოძრაობა გრენლანდიის აკვატორიაში ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს.
ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და იმ განმარტებას, თუ რა მიზნით ნიშნავს ლენდრის წარმომადგენლად, დანიასა და გრენლანდიაზე კრიტიკულად შეხვდნენ. არქტიკული კუნძულის ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ გრენლანდიის მომავალი მხოლოდ მისი მოსახლეობის გადასაწყვეტია. მოსახლეობის, რომლის უმრავლესობამაც გასულ არჩევნებში დანიისაგან სრული დამოუკიდებლობის მოპოვებაზე ორიენტირებულ და ტრამპის ინტერესებისადმი კრიტიკულად განწყობილ პარტიას დაუჭირა მხარი და მოიყვანა ხელისუფლებაში. პრემიერ-მინისტრმა იენს ფრედერიკ ნილსენმა თქვა, რომ გრენლანდიის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი ყველა ქვეყანამ უნდა სცეს, იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური ხედვები და განზრახვები აქვთ.
რაც შეეხება დანიას, რომლის ნაწილადაც გრენლანდია დღემდე რჩება, ოფიციალურ კოპენჰაგენში ტრამპის გამოსვლას და გადაწყვეტილებას “ღრმად შემაშფოთებელი” უწოდეს, თუმცა კონკრეტული რეაგირების, მათ შორის, დიპლომატიური პასუხის გაცემის შესახებ არაფერი თქმულა. დანიის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმაც.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპს გრენლანდიის ამერიკის შეერთებული შტატებთან მიერთება წლებია სურს. მან არქტიკული კუნძულის შესყიდვა 2019 წელს სცადა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოფიციალური კოპენჰაგენისაგან მკაცრი უარი მიიღო. ხელისუფლებაში ხელახლა მობრუნების შემდეგ, 47-ე პრეზიდენტმა გრენლანდიის შემოერთებაზე საუბარი განაახლა. შტატების ლიდერი ამტკიცებს, რომ არქტიკული ყინულის დნობის ფონზე, ჩნდება ახალი საზღვაო მარშრუტების ათვისების, ასევე აქამდე ყინულის საფარქვეშ მოქცეული ძვირფასი მინერალების მოპოვების შესაძლებლობა. ამასთან, გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა არის ის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც პრეზიდენტი ამახვილებს ყურადღებას.




























