ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს, მედიასთან საუბრისას ირანში რეჟიმის ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი. “თუ გავითვალისწინებთ ყველა იმ კონფლიქტსა და განადგურებ სიცოცხლეს, რაც აიათოლების ხელისუფლებამ ირანს მოუტანა, ყველაფერს აჯობებდა, თუ ირანში რეჟიმი შეიცვლებოდა”. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც დააანონსა, რომ არაბეთის ზღვისაკენ მსოფლიოს უძლიერესი ავიამზიდი, აშშ-ის ფლოტის უმძლავრესი ხომალდი USS Gerald R. Ford-ი გაემგზავრებოდა, რათა შეერთებოდა იქ განთავსებულ მეორე ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს, ასევე სამ დაუმოუკიდებელ გამანადგურებელსა და წყალქვეშა გემს. კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს მოქმედი ხელისუფლება, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არიან ადამიანები, ვისაც ირანის მართვა შეუძლიათ, თუმცა კონკრეტული პიროვნებების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
რეჟიმის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებული განცხადების პარალელურად, ტრამპმა მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ირანის ხელისუფლებას 1 თვემდე დრო აქვს, რათა აშშ-ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და თავიდან აირიდოს დაპირისპირება. შეგახსენებთ, ბოლოს აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები ერთმანეთს ომანში შეხვდნენ, სადაც მხარეებმა კონკრეტული შეთანხმების დადება ვერ მოახერხეს. არსებული ინფორმაციით, შემდგომი რაუნდი გერმანიაში, მიუნხენში შედგება, სადაც ერთმანეთს კვლავ პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შეხვდებიან.
შეხსენებისთვის, მიმდინარე მოლაპარაკებებში აშშ ირანს სამ ძირითად პირობას უსახელებს. პირველი - ოფიციალურმა თეირანმა სამუდამოდ უნდა თქვას უარი ურანის გამდიდრებაზე, ბირთვულ პროგრამასა და ატომური ბომბის შექმნაზე. მეორე - უნდა შეამციროს საკუთარი სარაკეტო არსენალი, განსაკუთრებით კი ბალისტიკური რაკეტების მოცულობა, რადგან სწორედ მათი გამოყენებით შეუძლია ირანს თანამედროვე ბირთვული ბომბების ჩამოგდება. მესამე - აშშ-ს სურს, ირანმა სამუდამოდ შეუწყვიტოს იარაღისა და ფულის მიწოდება, ასევე ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში მყოფ სამივე მოკავშირე ტერორისტულ ორგანიზაციას, ჰეზბოლას, ჰამასსა და ჰუსიტებს. ომანში გამართული მოლაპარაკებებისას აბას არაღჩიმ ამ სამი პირობიდან ბოლო ორზე დათმობებზე წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ბირთვულ პროგრამას, გააჟღერა ინიციატივა, რომ ირანი სამუდამოდ იტყვის უარს ატომური ბომბის შექმნაზე, თუმცა სანაცვლოდ უნდა მიეცეს ურანის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენების უფლება და მოეხსნას ის უმძიმესი სანქციები, რომლებიც შტატების მხრიდან აქვს დაწესებული.




























