აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა - თეირანს 48 საათი აქვს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი მზად არის ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყას. ამის შესახებ CNN იუწყება.
ტრამპის განცხადებით, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აშშ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგოსისტემას „გაანადგურებს“.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მარშრუტია, რომლის გავლით გლობალური ნავთობის დაახლოებით 20% გადაიზიდება. მისი ბლოკირება ნავთობის ფასების ზრდასა და ბაზრების არასტაბილურობას იწვევს.
ირანმა ულტიმატუმს მკაცრი რიტორიკით უპასუხა და განაცხადა, რომ ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში საპასუხო დარტყმებს მიაყენებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს რეგიონში.
პარალელურად, ვითარება სამხედრო თვალსაზრისითაც მძიმდება. ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეტევები აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო ობიექტებზეც დაფიქსირდა, რაც კონფლიქტის გაფართოების ნიშნად განიხილება. საპასუხოდ, ისრაელმა გააძლიერა ავიაიერიშები ირანის ტერიტორიაზე, მათ შორის თეირანზე, რაც რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
მედიის შეფასებით, ტრამპის ულტიმატუმმა ვითარება ახალ, კიდევ უფრო სახიფათო ფაზაში გადაიყვანა - იზრდება სამხედრო დაძაბულობა, ეკონომიკური ზეწოლა და ფართომასშტაბიანი ომის რისკი, რომლის გავლენაც უკვე გლობალურად იგრძნობა.




























