ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის განახლების შესაძლებლობა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერი გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს არის და აღნიშნული იერიში თავისი მასშტაბით უპრეცედენტო იქნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ვაშინგტონი ოპერაციაში ჩართავს ისრაელსაც, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებს დაუყოვნებლივ შეუერთდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანი საკუთარი ქმედებების გამო მაღალ ფასს უკვე იხდის, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
რაც შეეხება წითელ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციას, იემენელმა ჰუსიტებმა ორ საუდის არაბეთის ნავთობტანკერზე იერიში მიიტანეს. ამასთან, ჯგუფმა საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგო გამოაცხადა და წითელი ზღვის გავლით ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით დაიმუქრა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰუსიტების თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ირანს დააკისრებს და თეირანს მკაცრ სამხედრო პასუხს გასცემს. პარალელურად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იორდანიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე იერიშის განხორციელება დაადასტურა და განაცხადა, რომ ირანი ამერიკის მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.




























