აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკაში მისაღები ლტოლვილების რაოდენობას 7500-მდე ამცირებს, მაშინ როცა ეს რიცხვი ჯო ბაიდენის დროს 125 000 იყო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო ფისკალურ წელს იმოქმედებს. ტრამპის გადაწყვეტილებით, ლტოლვილების მიღებისას პრიორიტეტი თეთრკანიან სამხრეთაფრიკელებს მიენიჭება.
შემცირების მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა შესაბამის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ეს ჰუმანიტარული საკითხებითაა განპირობებული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეჩერდა აშშ-ის ლტოლვილთა მიღების პროგრამა, ანუ USRAP, რაც, მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, პრიორიტეტი მიანიჭოს ეროვნულ უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.
ფედერალური რეესტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ახალ შეტყობინებაში კი ნათქვამია, რომ 7500 ლტოლვილი, პირველ რიგში, სამხრეთ აფრიკელები და ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც თავიანთ სამშობლოში უკანონო ან უსამართლო დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.
ცნობისთვის, მაისში, ოვალურ კაბინეტში ტრამპმა გააკრიტიკა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში თეთრკანიან ფერმერებს კლავენ და „დევნიან“. თეთრმა სახლმა ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მათი თქმით, მოკლული თეთრკანიანი ფერმერების სამარხებს აჩვენებდა.
თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების მიღების შესახებ აშშ-ის მთავრობის პოლიტიკას უფლებადამცველების კრიტიკა უკვე მოჰყვა. ზოგი მათგანი ამტკიცებს, რომ აშშ ახლა, ფაქტობრივად, დახურულია სხვა ლტოლვილებისთვის ან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ თავიანთ ქვეყნებში.




























