რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი და მოგვიანებით, თავად ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაუქმებული შეხვედრა არ გაუქმებულა. როგორც კრემლში განმარტავენ, საკითხი კვლავ მაგიდაზეა და მის სისრულეში მოსაყვანად მხოლოდ კარგი მომზადებაა საჭირო.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ორივე ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა მიიღეს ბრძანება, რომ მოსამზადებელი პროცესი გააგრძელონ. “პრეზიდენტები მხოლოდ შეხვედრისთვის ვერ შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ არ გვსურდა ისეთი სამიტის გამართვა, რომელიც არაფერს მოიტანდა. მართალია, პროცესი რთულია, თუმცა ის არცერთი წამით არ გაჩერებულა” - განმარტავს პესკოვი.
ტრამპი-პუტინის შესაძლო შეხვედრაზე საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა Rosneft-ისა და Lukoil-ის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციები გააკრიტიკა და ამ ნაბიჯს “არამეგობრული” უწოდა. როგორც პესკოვი ამბობს, ამ მკვეთრმა სვლამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაახლოების შესაძლებლობა შეამცირა. თუმცა პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამის გამო შეხვედრისთვის მიმდინარე სამზადისი არ გაუქმებულა და საზოგადოებას ახალ დეტალებს პირველივე შესაძლებლობისთანავე გაუზიარებენ.




























