მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი სამხედრო ბიუჯეტის $1.5 ტრილიონამდე გაზრდას აანონსებს

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ 2027 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტი $1.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდოს, რაც ქვეყნის 250-წლიანი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობა იქნება. შედარებისთვის, ამჟამად შტატების სამხედრო ბიუჯეტი $901 მილიარდს არ სცდება. როგორც ზესახელმწიფოს ლიდერი ამბობს, თავდაცვისთვის განკუთვნილი ხარჯების 50%-ით გაზრდა საჭიროა, რათა არსებული პრობლემებისა და გამოწვევებისთვის ქვეყანამ სრულყოფილად გამკლავება შეძლოს.

ტრამპის თქმით, თუ კონგრესი მის შეთავაზებას გაითვალისწინებს და $1.5-ტრილიონიან თავდაცვის ბიუჯეტს დაამტკიცებს, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს “საოცნებო არმიის” შექმნაში დაეხმარება. ისეთის, რომელიც როგორც მტრების შეშინებას, ისე უსაფრთხოების ეროვნული ინტერესების გატარებას და საერთაშორისო დონეზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აშშ-ის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის ზრდას შესაძლებელს ტარიფებიდან მიღებული შემოსავლები გახდის.

თავდაცვის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებული ინიციატივის გაჟღერების პარალელურად, დონალდ ტრამპმა კერძო სამხედრო ინდუსტრიის გიგანტებიც გააკრიტიკა და მათ წარმოების მასშტაბების გაზრდისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა თქვა, რომ კომპანიები, რომლებიც ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამენ, სახელმწიფო შეკვეთებს ვერ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ შტატების ლიდერის კომენტარის პარალელურად, საფონდო ბირჟებზე მკვეთრად გაიზარდა სამხედრო ინდუსტრიაში მყოფი ყველა წამყვანი კომპანიის აქციების ფასები. თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და რესპუბლიკურ პარტიაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ტრამპს რეკორდული მოცულობის თავდაცვის ბიუჯეტის ინიციატივის გატანა გაუჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები