აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შესახებ სოციალურ ქსელ Truth-ზე პოსტს აქვეყნებს და მადლობას უხდის ამ ორ ქვეყანას. ტრამპის პოსტი TRIPP-ს ეძღვნება.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, გასული წლის აგვისტოში ჩვენ მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ერთგულებისათვის.
ეს იყო სასტიკი ომი. ერთ-ერთი იმ რვა ომიდან, რომლებიც მე დავასრულე. თუმცა ახლა უკვე გვაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა.
თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ეწვევა ორივე ქვეყანას, რათა გააღრმაოს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს TRIPP (ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ). ჩვენ გავამყარებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან სამშვიდობო ბირთვული თანამშრომლობის შესახებ, შეთანხმებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანს მივაწვდით აშშ-ში წარმოებულ თავდაცვით აღჭურვილობას, მათ შორის, ჯავშანჟილეტებს, ნავებს და ა.შ", - წერს ამერიკის პრეზიდენტი.
ტრამპის პოსტში საქართველო ნახსენები არაა.
ცნობისთვის, დღეს ასევე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მომავალ თვეში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა.



























