ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი ტარიფები დააანონსა. მისი განცხადებით, სპილენძის იმპორტზე 50%-იანი, ფარმაცევტულ პრეპარატებზე კი 200%-იანი ტარიფები დაწესდება. აღსანიშნავია, რომ იმპორტიორ ქვეყნებს ცვლილებებთან ადაპტირებისთვის 1-წლიანი პერიოდი ექნებათ. შესაბამისად, შტატები სატარიფო პოლიტიკას რიგ ქვეყნებთან ინდივიდუალურად დაარეგულირებს.
ტრამპის გადაწყვეტილებამ სპილენძის ფასზე უკვე იქონია ზეგავლენა. კერძოდ, 10%-ით გაიზარდა ნედლი მასალის ფასი. რაც შეეხება ფარმაცევტულ პროდუქტებს, მათი მწარმოებელი კომპანიების აქციები საგრძნობლად დაეცა. როგორც ჩანს, ბირჟაზე პრეპარატების ფასების ზრდასა და მიწოდების ჯაჭვის მოშლას ელიან.
ახალი ტარიფების გამოცხადებით შტატების პრეზიდენტმა არსებული ვითარება კიდევ უფრო დაძაბა. ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება რიგ ქვეყნებთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებში უპირატესობის მოპოვებას ისახავს მიზნად. ამ მხრივ ისინი გამოყოფენ ინდოეთს, რომელთანაც შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად ინდოეთი შტატებში $360 მილიონის სპილენძის ექსპორტს ახორციელებს. რაც შეეხება ფარმაცევტულ სექტორს, ამერიკაში წლიურად $10 მილიარდის ღირებულების ინდური პრეპარატები შედის.




























