ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს ტარიფების დაწესებას ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც მიყიდის ან დახმარების მიზნით მიაწვდის კუბას ნავთობს. ხელმოწერის შემდეგ შტატების ლიდერმა მედიას განუცხადა, რომ კუბას მოქმედი ხელისუფლება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის “განუზომელ საფრთხეს” წარმოადგენს. როგორც ტრამპი აცხადებს, წლების განმავლობაში მადუროს ხელისუფლებას სწორედ კუბა უმაგრებდა ზურგს. შესაბამისად, მისმა ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულზე.
ტრამპის მიერ გადადგმულ ნაბიჯს უკვე გამოეხმაურა ოფიციალური ჰავანა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის სრულ ენერგეტიკულ ბლოკადაში მოქცევა აგრესიის აქტად განიხილება და ის არსებული კრიზისის ფონზე მოსახლეობის საცხოვრებელი მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება კუბას იზოლაციაში მოქცევას და ენერგეტიკული რესურსების იმპორტის შეზღუდვას უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ცდილობს. მას შემდეგ, რაც ამერიკამ იანვრის დასაწყისში ვენესუელას პრეზიდენტი შეიპყრო, ოფიციალურ კარაკასს კუბასთვის ნავთობის მიწოდება სრულად შეაჩერებინა. მას შემდეგ ოფიციალური ჰავანას მთავარი მოკავშირე მექსიკა გახდა, საიდანაც დღიურად 20,000 ბარელი ნავთობი შედიოდა ქვეყანაში და ხელისუფლება არსებულ კრიზისთან გამკლავებას ამ გზით ცდილობდა. თუმცა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა მეხიკომ დღიური მიწოდების 7,000 ბარელამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ კი დონალდ ტრამპისა და კლაუდია შაინბაუმის მოლაპარაკების შემდეგ მექსიკის ლიდერმა დაადასტურა, რომ ქვეყანამ ნავთობის მიწოდება სრულად შეუწყვიტა კუბას. ამ ფონზე, ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს ოფიციალურ ჰავანას და, სავარაუდოდ, აიძულებს, დათმობებზე წავიდეს.




























