აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისთვის ახალი ვადა მისცა. შოტლანდიაში მყოფმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია და ახალ თარიღად რუსეთს 10-12 დღე განუსაზღვრა. არადა თვის დასაწყისში ტრამპმა რუსეთს უკრაინის ცეცხლის შეწყვეტისთვის 50 დღე მისცა.
"ვაპირებ ახალი "დედლაინის" დაწესებას, რაც დაახლოებით 10-12 დღეა. ლოდინს აზრი არ აქვს, ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ", - თქვა პრეზიდენტმა.
14 ივლისს, თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას 50 დღის განმავლობაში არ მიაღწევს, ვაშინგტონი მოსკოვს 100%-იან ტარიფს დაუწესებს. სანქციები ასევე გავრცელდება რუსული ენერგორესურსების შემსყიდველ ქვეყნებზეც.
ტრამპის შოტლანდიაში ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რადგან ევროკავშირთან ტარიფებზე შეთანხმება მიღწეულია. სავაჭრო შეთახმების ჩარჩოს მიხედვით, ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების დიდ ნაწილზე 15%-იანი ტარიფი ამოქმედდება, ნაცვლად 30%-სა, როგორც ეს შეთანხმების გარეშე იქნებოდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის მიღწეული ამ შეთანხმებით მსოფლიომ თავიდან დიდი სავაჭრო ომი აიცილა, რადგან ჯამში ევროკავშირსა და აშშ-ზე გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედი მოდის.




























