მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის 28-პუნქტიანი გეგმა რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად

საჩივარი

უკრაინულმა მედიამ გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომელიც ასახავს დონალდ ტრამპის მიერ დამტკიცებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. საუბარია ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მრჩევლების, სტივ უიტკოფსა და კირილ დიმიტრევის გასაიდუმლოებული მოლაპარაკებებისას შედგენილ დოკუმენტზე, რომელზე მუშაობაც 1 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელზე გადაწყვეტილების მისაღებადაც ტრამპი ზელენსკის დროს 27 ნოემბრამდე აძლევს.

რაც შეეხება კონკრეტულ პუნქტებს, რომლებიც ამერიკის სამშვიდობო შეთანხმებაშია მოცემული:

1. ყველა მხარემ უნდა აღიაროს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა.

2. უნდა გაფორმდეს თავდაუსხმელობის სამმხრივი პაქტი უკრაინას, რუსეთსა და ევროპას შორის და ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარი ყველა კონფლიქტი აღმოფხვრილად გამოცხადდეს.

3. რუსეთი აღარცერთ მეზობელ ქვეყანას თავს არ დაესხმება. NATO-კი რუსეთისაკენ მეტად აღარ გაფართოვდება.

4. რუსეთსა და NATO-ს შორის მოეწყობა მოლაპარაკება, რომელშიც შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები ითამაშებს. დიალოგის მიზანი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა და დეესკალაციის ახალი პირობების ჩამოყალიბება იქნება. ამასთან, განხილვის საგანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაც იქნება.

5. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს.

6. უკრაინული არმიის რაოდენობა განახევრდება და 600,000-მდე შემცირდება.

7.უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ის აღარასდროს შეუერთდება NATO-ს, თავად NATO კი გააუქმებს იმ ქარტიას, რომლის თანახმადაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მომავალში გახდება.

8. NATO უკრაინაში ჯარისკაცების განლაგებაზე უარს იტყვის.

9. ევროპული ქვეყნების მოიერიშეები შეკავებისა და სწრაფი რეაგირების პოლიტიკის ფარგლებში განთავსდებიან პოლონეთში.

10. ამერიკული გარანტიები მოიცავს:

  • თუ რუსეთი უკრაინას კვლავ დაესხმება თავს, აშშ და მისი მოკავშირეები სრულად აღკვეთენ რუსეთის სამხედრო მოქმედებას. ამასთან, ავტომატურად განახლდება ყველა სანქცია. ასევე, რუსეთის მიერ მიერთებული ტერიტორიების აღიარებას შტატები უკან გაიწვევს.

  • თუ უკრაინა დაესხმება თავს რუსეთს, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება.

  • თუ უკრაინა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგზე სარაკეტო იერიშს მიზეზის გარეშე განახორციელებს, უსაფრთხოების გარანტიები ანულირებულად გამოცხადდება.

  • ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს ანაზღაურებას იმ ხარჯებისთვის, რომლებსაც გარანტიების გაცემისთვის გაიღებს.

11. უკრაინას ექნება ევროკავშირში შესვლის უფლება. ამასთან, ევროპულ ბაზარზე წვდომას დროებით მოიპოვებს.

12. შეიქმნება უკრაინის აღდგენის გლობალური ინიციატივა, რომელიც მოიცავს:

  • უკრაინის განვითარების ფონდს, რომლის მიზნობრიობაც ტექნოლოგიებში, ე.წ. დატა ცენტრებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირება იქნება.

  • ამერიკისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკული სექტორის აღდგენისა და განვითარების საკითხზე თანამშრომლობას

  • ომით დაზარალებული რეგიონების აღდგენას და მოდერნიზებას საერთაშორისო ძალისხმევით.

  • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

  • ბუნებრივი რესურსებისა და მინერალების მოპოვება-დამუშავების განვითარებას.

  • აღნიშნული მიზნებისთვის მსოფლიო ბანკის მიერ შესაბამისი ფინანსური პაკეტის დამტკიცებას

13. რუსეთი დაიბრუნებს პოზიციებს გლობალურ ეკონომიკაში

  • დიდი შვიდეული დაუბრუნდება ომამდელ მოცემულობას და რუსეთის ჩართვის გარდაიქმნება დიდ რვიანად

  • სანქციების მოხსნის საკითხი კვლავ გახდება განხილვის საკითხი და შეთანხმების შემთხვევაში ეტაპობრივად განხორციელდება

  • ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობას დაიწყებს. მისი მიზანი: ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, ე.წ. დატა ცენტრების და არქტიკაზე იშვიათი მეტალების მოპოვების მიმართულებებით საერთო პროექტების წამოწყება იქნება.

14. რუსეთის გაყინული აქტივები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • $100 მილიარდი დოლარი უკრაინის აღდგენისა და იქ ინვესტიციების განხორციელებისთვის გამოიყოფა.

  • უკრაინაში ჩადებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს ამერიკა მიიღებს.

  • თავის მხრივ, ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის $100 მილიარდს გამოყოფს, ევროპაში არსებულ გაყინულ რუსულ აქტივებს კი შეზღუდვები მოეხსნება.

  • მორჩენილი გაყინული რუსული აქტივები რუსულ-ამერიკული საინვესტიციო პროექტის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული.

  • ამ ინვესტირების მიზანი ურთიერთობების გაძლიერება და ისეთი საერთო ინტერესების ჩამოყალიბება იქნება, რომელიც შემაკავებელ ფუნქციას იქონიებს და კონფლიქტის განახლების რისკებს გააქრობს.

15. შეიქმნება რუსულ-ამერიკული უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც შეთანხმებით გათვალისწინებული მუხლების აღსრულება და გაკონტროლება იქნება.

16. რუსეთი წარადგენს და დაამტკიცებს კანონს, რომელიც ევროპისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას დაუშვებლად ცნობს.

17. ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი გააფართოებენ ბირთვული იარაღის გამოუყენებლობისა და შეიარაღების კონტროლის შეთანხმებებს.

18. უკრაინა დათანხმდება და შეინარჩუნებს ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნის სტატუსს.

19. ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტრო სადგურის კონტროლი საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს გადაეცემა. გამომუშავებული ელექტროენერგიის ნახევარს უკრაინა დაიტოვებს, ნახევარი კი რუსეთს გადაეცემა.

20. ორივე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საზოგადოებაში, მათ შორის სკოლებში დანერგავს ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს. პროგრამებს, რომელთა მიზანიც განსხვავებული კულტურებისადმი ტოლერანტულობის გაზრდა, რასიზმის დაძლევა და ერთ დროს დაპირისპირებული ქვეყნების ხალხებს შორის საერთო ენის გამონახვა იქნება. ამასთან:

  • უკრაინა დაამტკიცებს ევროკავშირის მიერ შემუშავებულ კანონმდებლობას, რომელიც სხვა რელიგიებისადმი ტოლერანტულობას და ენობრივი უმცირესობების დაცვას გულისხმობს.

  • როგორც უკრაინა, ისე რუსეთი შეთანხმდებიან, რომ გააუქმებენ ერთმანეთის წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ ზომებს და უკრაინული თუ რუსული მედიის საქმიანობა კვლავ ნებადართული გახდება ორივე ქვეყანაში.

  • ამასთან, ყოველგვარი ნაცისტური და ნაციზმთან დაკავშირებული აქტივობები აღიკვეთება.

21. რაც შეეხება ტერიტორიებს:

  • ამერიკის შეერთებული შტატები ყირიმს, ასევე ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებს.

  • ხერსონსა და ზაპოროჟიაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერდება და ფრონტის ხაზი გაიყინება. სწორედ აღნიშნული ხაზი გამოცხადდება დე ფაქტო საზღვრად რუსეთსა და უკრაინას შორის.

  • რუსეთი დატოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელსაც აღნიშნული 5 რეგიონის მიღმა აკონტროლებს.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკიდან გამოიხმობს ყველა ჯარისკაცს. ზონა, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, ნეიტრალურ, დემილიტარიზებულ ტერიტორიებად გამოცხადდება. აღნიშნულ ზონაში არც რუსული ჯარები შევლენ.

22. როგორც კი ტერიტორიული შეთანხმებები გაფორმდება, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე უარს იტყვიან. თუ დაირღვევა ეს დათქმა, უსაფრთხოების გარანტიები გაუქმდება.

23. რუსეთი არ შეუზღუდავს უკრაინას მდინარე დნეპრის კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას. ამასთან, გაფორმდება შავ ზღვაზე ხორბლის შეუზღუდავად ტრანსპორტირების შეთანხმება.

24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი, რომელიც მოაგვარებს შემდეგ საკითხებს:

  • ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანის გადაცემას მხარეებს შორის, პრინციპით “ყველა-ყველას სანაცვლოდ”. ყველაზე სამოქალაქო მძევალი თუ პატიმარი დაბრუნდება სამშობლოში. მათ შორის, ბავშვებიც.

  • ამოქმედდება ოჯახების ხელახლა გაერთიანების პროგრამა.

  • გადაიდგმება ნაბიჯები, რათა კონფლიქტით დაზარალებული ოჯახებისთვის ტანჯვა შემსუბუქდეს.

25. უკრაინაში ვადამდელი არჩევნები 100 დღის ვადაში ჩატარდება.

26. კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩაიდინეს სამხედრო მოქმედებებისას. ისინი შეთანხმდებიან, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავებს არასდროს დაიწყებენ.

27. ეს შეთანხმება სამართლებრივად ვალდებულს გახდის ხელმომწერ ყველა მხარეს. მის აღსრულებაზე იზრუნებს მშვიდობის საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც დონალდ ტრამპი იქნება. შეთანხმების დამრღვევ მხარეს დაუწესდება დამატებითი სანქციები.

28. როგორც კი მხარეები მოაწერენ ხელს შეთანხმებას, ცეცხლი ოფიციალურად შეწყდება, ჯარისკაცები დატოვებენ ფრონტის ხაზს და გადაინაცვლებენ შეთანხმებით გათვალისწინებულ პოზიციებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები