აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლტოლვილებისთვის, თავშესაფრის მქონე პირებისა და აშშ-ში სამართლებრივი დაცვის მქონე სხვა მიგრანტებისთვის, მუშაობის ნებართვის მოქმედების ვადას შეამცირებს, რაც საიმიგრაციო პროცედურების გასამკაცრებლად მთავრობის გადადგმული უახლესი ნაბიჯია.
ეს ცვლილება ასევე ვრცელდება იმ იმიგრანტებზე, რომელთა განაცხადები აშშ-ში თავშესაფრის ან მუდმივი ცხოვრების უფლების (ე.წ. მწვანე ბარათის) მიღებაზე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. აღნიშნული პროცესები, როგორც წესი, წლები იწელება, ძირითადად, დიდი რაოდენობით გადაუწყვეტელი საქმეების დაგროვების გამო.
ახალი წესების თანახმად, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) ამ პირებზე მუშაობის ნებართვებს მაქსიმუმ 18 თვის ვადით გასცემს, ნაცვლად ამჟამად მოქმედი 5-წლიანი პერიოდისა.
თავის განცხადებაში USCIS-მა მიზეზად გასულ კვირას ვაშინგტონში თავშესაფრის მქონე მიგრანტის მიერ ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმა დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება სააგენტოს საშუალებას მისცემს, უფრო ხშირად შეამოწმოს იმიგრანტები, როდესაც ისინი მუშაობის ნებართვის გასაახლებლად განაცხადს შეიტანენ.
თავდასხმაში ეჭვმიტანილი, ავღანეთის მოქალაქე 29 წლის რაჰმანულა ლაკანვალი, აშშ-ში 2021 წლის სექტემბერში, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა, თუმცა თავშესაფრის მოთხოვნა 2025 წლის აპრილში დაუკმაყოფილდა - პრეზიდენტ ტრამპის მიერ თანამდებობის მეორე ვადით დაკავებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.
"დასაქმების ნებართვის მოქმედების ვადის შემცირება უზრუნველყოფს, რომ პირები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში მუშაობა სურთ, არ უქმნიდნენ საფრთხეს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ხელს არ უწყობდნენ მავნე ანტიამერიკულ იდეოლოგიებს.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის წევრებზე თავდასხმა განახორციელა უცხოელმა, რომელიც ქვეყანაში წინა ადმინისტრაციამ შემოუშვა, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ USCIS-მა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხშირი შემოწმება უნდა აწარმოოს", - ნათქვამია USCIS-ის დირექტორის, ჯოზეფ ედლოუს განცხადებაში.
ახალი პოლიტიკა გავრცელდება მუშაობის ნებართვის იმ განაცხადებზე, რომლებიც 5 დეკემბერს ან მას შემდეგ იქნება შეტანილი, ასევე იმათზე, რომლებიც ამ თარიღისთვის განხილვის პროცესშია.
გასულ კვირას ვაშინგტონში მომხდარი სროლის შემდეგ, რომელსაც ეროვნული გვარდიის ერთი წევრი ემსხვერპლა, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაამკაცრა საიმიგრაციო ზომები და შეზღუდა გარკვეული იმიგრანტებისთვის აშშ-ში ლეგალურად შესვლის ან დარჩენის გზები.
ადმინისტრაციამ გაყინა USCIS-ის განხილვის ქვეშ მყოფი თავშესაფრის ყველა მოთხოვნა, შეაჩერა ავღანეთის ნებისმიერი მოქალაქის მიერ შეტანილი სავიზო და საიმიგრაციო განაცხადები და შეწყვიტა ყველა ლეგალური საიმიგრაციო საქმის წარმოება, მათ შორის მოქალაქეობის მიღების ცერემონიები, ტრამპის „მოგზაურობის აკრძალვის“ სიაში მყოფი 19 ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა CBS News-ს სამშაბათს განუცხადეს, რომ ვაშინგტონში მომხდარი სროლის საპასუხოდ, ტრამპის ადმინისტრაცია "მოგზაურობის აკრძალვის" გაფართოებას და მასში ჯამში 30 ქვეყნის შეყვანას განიხილავს.




























