აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისმა ბრაზილიურ საქონელზე 25%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ ინიციატივა წარადგინა. გადაწყვეტილება აშშ-ის სავაჭრო აქტის 301-ე მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ამერიკის ამ სახელმწიფოს პოლიტიკა "არაგონივრულია და აშშ-ის კომერციას ზღუდავს".
უწყების განცხადებით, ბრაზილიის მხრიდან პრობლემურ პრაქტიკებს შორის ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ეთანოლის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და ტყის უკანონო ჩეხვა სახელდება.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის, ჯეიმისონ გრირის განმარტებით, აღნიშნული გამოძიება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით დაიწყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და ბრაზილიის პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვას შორის რამდენიმე კონსტრუქციული შეხვედრა შედგა, მხარეებს შორის გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე კვლავ არსებითი უთანხმოება რჩება. USTR აღნიშნულ საკითხზე საჯარო მოსმენას 6 ივლისს გამართავს.
სავაჭრო აქტის 301-ე მუხლი მიზნად უცხო ქვეყნების მხრიდან არაკეთილსინდისიერ სავაჭრო პრაქტიკაზე რეაგირებას ისახავს და აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას აძლევს, დააწესოს ტარიფები, თუ გამოძიება დაადგენს, რომ უცხოური ქმედებები არაგონივრული ან დისკრიმინაციულია.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში ტრამპის ადმინისტრაციამ ბრაზილიას 50%-იანი ტარიფი დაუწესა, რაც ნაწილობრივ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის საპასუხო რეაქცია იყო. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, რის შემდეგაც ვაშინგტონს მხოლოდ 10%-იანი გლობალური ტარიფის გამოყენების შესაძლებლობა დარჩა.
პარალელურად, თეთრმა სახლმა ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის გარკვეულ იმპორტზე ტარიფების კორექტირება გამოაცხადა. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (მაგალითად, კომბაინებზე) ტარიფები 25%-დან 15%-მდე შემცირდება, ხოლო იმ აღჭურვილობის სია, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებს, გაფართოვდება.
გარდა ამისა, საწარმოო დანადგარები, რომლებიც წონის მიხედვით მინიმუმ 85% ამერიკულ ფოლადსა და ალუმინს შეიცავს, 10%-იანი ტარიფით დაიბეგრება (ნაცვლად აქამდე არსებული 95%-იანი ზღვრისა).




























