ნავთობის ბაზარზე განხორციელებულმა საეჭვო ტრანზაქციებმა ფინანსური რეგულატორების ყურადღება კვლავ მიიპყრო. 2026 წლის 23 მარტს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, რომელშიც ის ირანთან მოლაპარაკებების პროგრესზე მიანიშნებდა, ფიუჩერსების ბაზარზე $580 მილიონის ღირებულების საწინააღმდეგო პოზიციები გაიხსნა. ამ ქმედებით ანონიმურმა ინვესტორებმა ნავთობის ფასის 10%-იანი ვარდნის შედეგად კოლოსალური მოგება ნახეს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ასეთი მასშტაბური ფსონის დადება შემთხვევითობას ნაკლებად ჰგავს და ის იმაზე აჩენს ეჭვს, რომ ანონიმურ ინვესტორს ინფორმაცია პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჰქონდა.
ამერიკული ფასიანი ქაღალდების კომისია და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია ამ ოპერაციების შესაძლო ინსაიდერულ ბუნებას უკვე იკვლევენ.
გამოძიება ამჟამად იმ ბროკერებისა და ჰეჯ-ფონდების იდენტიფიცირებას ცდილობს, რომლებმაც ეს ტრანზაქციები განახორციელეს. თუ დადასტურდა, რომ ინვესტორებს ინფორმაცია პოსტის შინაარსის შესახებ წინასწარ ჰქონდათ, ეს შესაძლოა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ფინანსურ დანაშაულად იქცეს.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია ბრალდებებს „უსაფუძვლო სპეკულაციას“ უწოდებს და ინსაიდერული ვაჭრობის შესაძლებლობას გამორიცხავს.




























