ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ კოლორადოს შტატში მდებარე ატმოსფერული კვლევის ეროვნული ცენტრი გაუქმდება. ამ გადაწყვეტილებით ქვეყნის რესპუბლიკელი ლიდერი საკუთარი საარჩევნო დაპირების შესრულებას აგრძელებს და კლიმატის კვლევაზე ფედერალური ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას აპირებს.
როგორც თეთრი სახლის მენეჯმენტისა და საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, როს ვოთმა განაცხადა, ბულდერის ცენტრი კლიმატის ცვლილების შესახებ ქვეყანაში უსაფუძვლო შიშებს თესავდა და მოსახლეობას პანიკაში აგდებდა. ვოთმა განმარტა, რომ ინსტიტუტის გაუქმების მიუხედავად, მისი ყველა განყოფილება არ დაიხურება და ის დეპარტამენტი შენარჩუნდება, რომელიც ამინდის ცვლილების საკითხებზე მუშაობს.
ადმინისტრაციის განცხადებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ატმოსფერული კვლევების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი 75%-ით შემცირდებოდა. თეთრ სახლში გამოცხადებულ ინიციატივას კრიტიკულად შეხვდა კოლორადოს გუბერნატორი ჯარედ პოლისი, რომელმაც განაცხადა, რომ კვლევითი ინსტიტუტის დახურვა მეცნიერების სფეროში ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს და უპირატესობას მეტოქეებს, მათ შორის ჩინეთს მისცემს.
ცნობისთვის, დასახელებული ცენტრი ამერიკის მთავრობას კრიტიკულ ინფორმაციას გლობალურად მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შესახებ მუდმივად აწვდიდა და მის მონაცემებს ეყრდნობოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება.




























