მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ადმინისტრაცია კომპანიებისთვის $166 მილიარდის ტარიფების უკან დაბრუნებას იწყებს

ტარიფები

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად აამოქმედა ციფრული სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომპანიები იმპორტზე დაწესებული ტარიფების სახით გადახდილი $166 მილიარდის უკან დაბრუნებას შეძლებენ.

აშშ-ის მთავრობაში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ტარიფების დაწესება უკანონოდ მიიჩნია და დაადგინა, რომ პრეზიდენტს მსგავსი შეზღუდვების დამოუკიდებლად შემოღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

ამ ეტაპზე ელექტრონული პლატფორმა საიმპორტო ოპერაციების 63%-ის დამუშავებას უზრუნველყოფს, ხოლო დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება ეტაპობრივად მოხდება.

საბაჟო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა საჭირო, რადგან უწყებას იმპორტიორთა ანგარიშებზე თანხების პირდაპირი ჩარიცხვის მექანიზმი არ გააჩნდა.

ცნობისთვის, ამ ისტორიულ სასამართლო დავაში 3,000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული, რომელთა შორის Skechers-ი, Revlon-ი, Toyota, Nintendo, FedEx-ი და Costco არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსექტორი მილიარდობით დოლარს დაიბრუნებს, რიგითი მომხმარებლები, რომლებმაც გაზრდილი ფასების გამო ფინანსური ზარალი უკვე განიცადეს, პირდაპირ კომპენსაციას ვერ მიიღებენ.

თანხების დაბრუნების პროცესი 60-დან 90 დღემდე პერიოდს მოიცავს, თუმცა სისტემას ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვები აქვს. კერძოდ, ანაზღაურებას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ, რომელთა საბაჟო დეკლარაციების დამუშავება ბოლო 80 დღის განმავლობაში დასრულდა. რაც შეეხება იმ საქონელს, რომელიც ანტიდემპინგურ გამოძიებაში ან სხვა სამართლებრივ დავებში ფიგურირებს, მათზე მოთხოვნის წარდგენა ამ დროისთვის შეუძლებელია.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ თებერვლის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ 1977 წლის საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონი, რომელსაც დონალდ ტრამპი ეყრდნობოდა, პრეზიდენტს ტარიფების დაწესების ფართო უფლებამოსილებას არ ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციას მხარი პრეზიდენტის მიერვე დანიშნულმა ორმა მოსამართლემაც დაუჭირა. ცხადია, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მოქმედების უფლება არც აშშ-ის მთავრობას და პრეზიდენტს არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები