დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ენერგეტიკის დეპარტამენტმა მწვანე შუქი აუნთო სასესხო გარანტიის გაცემას, რომელზე შეთანხმებასაც მხარეებმა ტრამპის გაპრეზიდენტებამდე მიაღწიეს. გამოყოფილი სესხი მონტანაში მდგრადი საავიაციო საწვავის გადამმუშავებელი ქარხნის გაფართოებას უნდა მოხმარდეს.
The Montana Renewables 2022 წელს გაიხსნა და წელიწადში 140 მილიონ გალონ ბიოსაწვავს ამუშავებს. სახელმწიფო სესხი კი საშუალებას მისცემთ, წარმადობა 315 მილიონ გალონამდე გაზარდონ და ჩრდილოეთ ამერიკის მდგრადი საავიაციო საწვავის მოთხოვნის 50% დააკმაყოფილოს. მდგრადი საავიაციო საწვავი კი ბიონარჩენებისგან მზადდება და გაცილებით ნაკლებ ემისიას გამოყოფს, ვიდრე ტრადიციული საწვავი.
აღნიშნული სესხი თავდაპირველად ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 10 იანვარს დაადასტურა. მწვანე ენერგიის პროექტების ორგანიზატორები ვარაუდობდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, განსაკუთრებით კი, ილონ მასკის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ ხარჯების შემცირების შემდეგ, თეთრი სახლის სესხების ოფისი მათთვის დაფინანსებას აღარ გამოყოფდა. თავად ბაიდენმა ინფლაციის შემცირების აქტის ფარგლებში სესხების ოფისს $100 მილიარდიანი ბიუჯეტი მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკის დეპარტამენტმა მონტანას ქარხნისთვის სესხი დაადასტურა, მათი პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია დაფინანსებებს კვლავ გადახედავს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველა განხორციელებული აქტივობა კანონთან თანხვედრაშია და ემთხვევა დონალდ ტრამპის პრიორიტეტებსა და აღმასრულებელ ბრძანებებს.




























