მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ადმინისტრაციამ დაბრუნების პირველივე წელს 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა - სახდეპი

ტრამპი

2025 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უცხოელთა 100 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა, რაც ორჯერ აღემატება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ბოლო, 2024 წლის მაჩვენებელს - ამის შესახებ სახდეპის X-ზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც FoxNews-ის სტატიას ერთვის.

"ეს რიცხვი ისტორიული რეკორდია და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს უცხოელთა შემოწმების (ვეტინგის) გამკაცრების შესახებ გამოცემულ აღმასრულებელ განკარგულებას მოჰყვა. შედარებისთვის, 2024 წელს დეპარტამენტმა 40 000 ვიზა გააუქმა", - წერს ამერიკული მედია.

გაუქმებული ვიზების უმრავლესობა ბიზნეს და ტურისტული მიზნით ჩასულ მოგზაურებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადას გადააცილეს.

ლეგალური სტატუსი ასევე დაკარგა 8 000-მდე სტუდენტმა და 2 500-მა სპეციალიზებულმა მუშაკმა. დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სტუდენტებისა და მუშაკების უმრავლესობის შემთხვევაში ვიზის ჩამორთმევის მიზეზი სამართალდამცველებთან კრიმინალური ხასიათის ინციდენტები გახდა.

სპეციალიზებული მუშაკების შემთხვევაში, ვიზების გაუქმების ნახევარი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დაკავებას უკავშირდებოდა, 30% - თავდასხმას, ცემას ან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხოლო დარჩენილი 20% - ქურდობას, ბავშვებზე ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებასა და გასაღებას, ასევე თაღლითობასა და გაფლანგვას.

დეპარტამენტის სპიკერის ცნობით, ნარკოტიკების ფლობისა და გასაღების გამო ვიზა 500-მდე სტუდენტს გაუუქმდა, ასობით უცხოელმა მუშაკმა კი სტატუსი ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის გამო დაკარგა.

2025 წლის აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ აშშ-ის მოქმედი ვიზის მქონე 55-ვე მილიონი უცხოელის საქმეს გადახედავდა.

დეპარტამენტმა ასევე გაამკაცრა აშშ-ის ვიზის მიღების სტანდარტები. 2025 წლის ნოემბერში Fox News Digital-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უწყება ე.წ. "საზოგადოებრივი ტვირთის" (public charge) წესს აამოქმედებდა. ეს გულისხმობს ვიზაზე უარის თქმას იმ აპლიკანტებისთვის, რომლებზეც არსებობს ვარაუდი, რომ საჯარო შეღავათებითა და დახმარებებით ისარგებლებენ. კრიტერიუმები მოიცავს ჯანმრთელობის მდგომარეობას (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ასაკოვან და ჭარბწონიან ადამიანებს), ინგლისური ენის ცოდნას, ფინანსებსა და გრძელვადიანი ზრუნვის პოტენციურ საჭიროებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები