მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის AI-გეგმა აშშ-ის პოზიციას ფუნდამენტურად შეცვლის - NVIDIA-ს დამფუძნებელი

ნვიდია

პლანეტის უმსხვილესი კომპანიის, NVIDIA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული ახალი AI-გეგმა "ფუნდამენტურად შეცვლის" ამერიკის პოზიციას გლობალურ ასპარეზზე და კონკურენციაში მის დაწინაურებას უზრუნველყოფს.

როგორც ჰუანგი ამბობს, ეს გეგმა თამაშის წესებს არსებითად ცვლის და ის ამერიკას არა პასიურ მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოდ, არამედ AI-ის განვითარებაზე ფოკუსირებულ სუპერძალად აქცევს, რაც ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

NVIDIA-ს დამფუძნებლის აზრით, აშშ-ში განვითარების ახალი ეპოქა იწყება და ეს სწორედ ამ გეგმის დამსახურებაა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის მოკავშირეებთან AI-ტექნოლოგიების ექსპორტის მნიშვნელოვნად გაძლიერებას და გარემოსდაცვითი რეგულაციების შერბილებას, რათა ტექნოლოგიური პროგრესი არ შეიზღუდოს.

ახალი სამოქმედო გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი მიმართულება ინოვაციების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც ნიშნავს ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას და კომპანიებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. მეორე მიმართულება ამერიკული AI-ინფრასტრუქტურის აშენებას უკავშირდება, რაც მონაცემთა ცენტრების და ნახევარგამტარების ქარხნების სწრაფ განვითარებას გულისხმობს. მესამე მიმართულება საერთაშორისო დიპლომატიას, ვაჭრობას და უსაფრთხოების სფეროში ლიდერობას ეხება.

გეგმა 90-ზე მეტ ფედერალურ გადაწყვეტილებას განსაზღვრავს სამ ძირითად მიმართულებაში, რომელთაც ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირებსა და თვეებში განახორციელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ახალი მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისგან. მოგეხსენებათ, ჯო ბაიდენის მთავრობა მეტად ფრთხილი იყო AI-ტექნოლოგიების ექსპორტთან დაკავშირებით, ის ღრმად შეშფოთებული იყო იმით, რომ ამერიკის მტრები, მათ შორის ჩინეთი, ამ ტექნოლოგიებს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებდა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია სრულიად განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს, რომელიც მოკავშირეებთან აქტიური თანამშრომლობისა და ღია ვაჭრობის პრინციპებზეა დაფუძნებული.

ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ, ახალი გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მონაცემთა ცენტრების სწრაფ მშენებლობას. მთავრობა მიზნად ისახავს 2025 წლის ბოლოსთვის დაიწყოს მონაცემთა ცენტრების მშენებლობა და 2027 წლის ბოლოსთვის დაიწყოს მათი ფუნქციონირება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში.

როგორც ტრამპი აცხადებს, ეს სტრატეგია იმისი გარანტია გახდება, რომ აშშ ამ ტექნოლოგიურ ფრონტზე ყოველთვის გლობალური ლიდერი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები