აშშ-ში TikTok-ის მუშაობა აღდგება. როგორც ამერიკული მედია წერს, ჩინური სოციალური პლატფორმის მუშაობის განახლება აშშ-ში მას შემდეგ გადაწყდა, რაც ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ გადადებს TikTok-თან დაკავშირებული კანონმდებლობის ამოქმედებას. საუბარია 2024 წლის აპრილში აშშ-ს კონგრესის მიერ დამტკიცებულ კანონზე, რომელმაც TikTok-ის ჩინელი მფლობელი, ByteDance-ი დაავალდებულა, პლატფორმა ამერიკული კომპანიისთვის მიეყიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 2025 წლის 19 იანვრიდან აშშ-ში სოციალური ქსელის აკრძალვას ითვალისწინებდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ხვალ, 20 იანვარსაა დაგეგმილი. ტრამპის თქმით, მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად შეუდგება აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, გამოსცემს ბრძანებას, რაც ჩინური პლატფორმის შეზღუდვის გადავადებას უზრუნველყოფს.
შესაბამისად, შტატებში TikTok-ის 170 მლნ მომხმარებელს ქსელზე წვდომა ნელ-ნელა დაუბრუნდება. თავის მხრივ ჩინური კომპანია მადლობას უხდის ტრამპს და აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად იმუშავებს გრძელვადიანი გამოსავლის პოვნის მიზნით, რათა აშშ-ში TikTok-მა ფუნქციონირება განაგრძოს.




























