პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოვა, რადგან ჯანდაცვის გლობალურმა სააგენტომ კოვიდპანდემიასთან და ჯანდაცვის სხვა საერთაშორისო კრიზისებთან გამკლავება ვერ შეძლო. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.
ტრამპის განცხადებით, ჯანმო წევრი ქვეყნების შეუსაბამო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა მოქცეული და დამოუკიდებლად მოქმედება არ შეუძლია. პრეზიდენტისვე თქმით, ჯანმო აშშ-ს უსამართლოდ მაღალ გადასახადს უწესებს, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად ჩინეთთან, შედარებით.
"ჯანმომ გაგვყვლიფა, ყველა ცდილობს შეერთებული შტატების გაყვლეფას, ეს ახლაც გაგრძელდება", - განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის შემდეგ.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 12 თვეში დატოვებს და თავის ფინანსურ კონტრიბუციასაც სრულად შეწყვეტს. აშშ ჯანმოს უმსხვილესი დონორია, რომელიც სრული დაფინანსების 18%-ზეა პასუხისმგებელი.
ტრამპის ბრძანების თანახმად, მისი ადმინისტრაცია პანდემიასთან ბრძოლის შეთანხმების ფარგლებში ჯანმოსთან თანამშრომლობას შეწყვეტს, პროგრამაზე მომუშავე ამერიკელ თანამშრომლებს კი სხვა დეპარტამენტებში გაანაწილებენ.
დონალდ ტრამპმა ჯანმოს დასატოვებლად პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 2020 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადისას გადადგა. მაშინ ტრამპი ამტკიცებდა, რომ ჯანმო ჩინეთს კოვიდის წარმოშობის შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გაზიარებაში ეხმარებოდა. 2020-21 წლებში ტრამპმა ჯანმოს დაფინანსებაც შეუჩერა.
ექსპერტების აზრით, ორგანიზაციიდან აშშ-ის გამოსვლა ისეთ პროგრამებს დააყენებს რისკის ქვეშ, რომლებიც ტუბერკულოზისა და შიდსის გავრცელებას ებრძვის.




























