ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ვენესუელას “გარდაქმნა” დაავალა. ქვეყნის პირველი დიპლომატის მოვალეობა სამხრეთ-ამერიკული სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური მიდგომების გადახედვა იქნება. ამასთან, მისი მოვალეობა ოფიციალურ კარაკასთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა და მოქმედ პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან თანამშრომლობა იქნება. რუბიოს ზედამხედველობის ქვეშ შეიქმნება სამუშაო ჯგუფიც, რომელიც ენერგეტიკულ, ფინანსურ და სამხედრო სექტორში თანამშრომლობაზე აიღებს პასუხისმგებლობას და ანგარიშს პირდაპირ პრეზიდენტ ტრამპს ჩააბარებს.
შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ჩატარებული პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ შტატები ვენესუელას “მართვას” აპირებდა, თუმცა მაშინ ქვეყნის ლიდერმა დამატებითი განმარტებებისაგან თავი შეიკავა და არ დააკონკრეტა, თუ რა ფორმით წარიმართებოდა პროცესი, ან როდის ჩაინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები.
ანალიტიკოსების შეფასებით, ვენესუელას “გარდაქმნის” რუბიოსთვის დავალება არაერთ სამართლებრივ, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ კითხვას აჩენს, რადგან ქვეყნის პირველი დიპლომატი ვენესუელას მოქმედ მთავრობას არ წარმოადგენს, მის მიერ პროცესების წარმართვა კი ვენესუელას სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-ამერიკული ქვეყნის “გარდაქმნისთვის” მზაობა რუბიომ უკვე გამოთქვა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ეკონომიკურ, ისე ძალისმიერ ზეწოლას განახორციელებს, რათა პროცესი სასურველ შედეგამდე მიიყვანოს.




























