შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა მას შემდეგ, რაც ორსულებს ფართოდ გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლის, პარაცეტამოლის, მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ჩვილების ვაქცინაციის გრაფიკის შეცვლა მოითხოვა.
მისი განცხადებები, რომლებიც თეთრ სახლში აუტისტური სპექტრის აშლილობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთდა, უმნიშვნელო კოროლაციის გაზვიადებათ შეფასდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ტრამპმა არაერთხელ გააფრთხილა მომავალი მშობლები, რომ „ჯოჯოხეთივით ებრძოლონ” პარაცეტამოლის მიღებას, და მიუთითა დაუდასტურებელ კავშირზე ამ პრეპარატსა და აუტისტური სპექტრის აშლილობას შორის. „მოდი, ვთქვათ ნათლად, რომ პარაცეტამოლის მიღება კარგი არ არის, მისი მიღება მხოლოდ უკიდურესად მაღალი ტემპერატურის დროს არის გამართლებული“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ექიმების დიდმა ნაწილმა დაუყოვნებლივ დაგმო ტრამპის განცხადება, როგორც საშიში და შეცდომაში შემყვანი. პარაცეტამოლი, რომელიც ორსულობის დროს მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებად პრეპარატებს შორისაა, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის მიერ დიდი ხანია მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალება ორსულობისას ტკივილისა და სიცხის სამკურნალოდ. ექსპერტების მოსაზრებით, მკურნალობის გარეშე დარჩენილმა ტკივილმა და სიცხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დედას, ასევე ნაყოფს.
„ეს იყო საშიში, არამეცნიერული და დეზინფორმაციით სავსე წარმოდგენა“, — განაცხადა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამედიცინო ეთიკის განყოფილების ხელმძღვანელმა არტურ კაპლანმა AFP-სთან ინტერვიუში. „ორსულმა ქალებმა შესაძლოა ახლა თავი დამნაშავედ ან შეშინებულად იგრძნონ უსაფრთხო მედიკამენტის გამოყენების გამო. აღნიშნული ბრალდებები უსამართლოა და არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პარაცეტამოლის ეტიკეტებზე „შესაძლო კავშირის“ შესახებ გაფრთხილება დაამატა, სააგენტომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორსულობისას მის გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირი დადგენილი არ არის. გარდა ამისა, შვედეთსა და იაპონიაში ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევებმა, რომლებიც მილიონობით ბავშვს მოიცავდა, არ გამოავლინა აუტიზმის რისკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც მშობიარობის წინა პერიოდში პარაცეტამოლის გამოყენებას უკავშირდება.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული ეპიდემიოლოგი, დევიდ მანდელი აღნიშნავს, რომ ორსულობის დროს სიცხისა და ტკივილის სამკურნალოდ პარაცეტამოლის მიღებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკები უფრო ნაკლებია, ვიდრე მკურნალობის გარეშე დარჩენილი ინფექციის რისკი. მაღალმა სიცხემ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც დედას, ასევე ნაყოფს, ხოლო პარაცეტამოლი ამ რისკს ამცირებს.
აუტიზმის ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის, Autistica-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს კუსაკი აცხადებს, რომ „არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დედებში პარაცეტამოლის გამოყენება აუტიზმის მიზეზია“. მისი თქმით, მარტივი პასუხების ძიება კომპლექსურ პრობლემებზე დეზინფორმაციას უწყობს ხელს.
პარაცეტამოლის გარდა, ტრამპმა ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ დიდი ხნის წინ უარყოფილი მოსაზრებები გააჟღერა. მან ეჭვქვეშ დააყენა სტანდარტული იმუნიზაციები, მათ შორის წითელას, ყბაყურასა და წითურას (MMR) ვაქცინა და განაცხადა, რომ „არ არსებობს მიზეზი“ ახალშობილების ჰეპატიტი B-ს საწინააღმდეგოდ ასაცრელად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმძღვანელო პრინციპებს.
ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით, ამერიკის პედიატრიის აკადემიამ დაუყოვნებლივ გაავრცელა გაფრთხილება, რომ ვაქცინების დაგვიანება ან დოზებს შორის ინტერვალის გაზრდა ბავშვებს სერიოზული დაავადებებისადმი „იმ დროს ხდის დაუცველს, როდესაც მათ ყველაზე მეტად ემუქრებათ რისკი“. ვაქცინებსა და აუტიზმს შორის კავშირის დამადასტურებელი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
ტრამპის კომენტარები ხაზს უსვამს ჯანდაცვის პოლიტიზების მზარდ საფრთხეს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის უგულებელყოფა ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას უსაფრთხო მკურნალობისა და იმუნიზაციის მიმართ.
წყარო: Medscr𝗶ptum




























