დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომელიც აშშ-ის რეცეპტული მედიკამენტების ფასების უცხოეთის დონემდე შემცირებას შეეხებოდა, ფარმაცევტული კომპანიების აქციები ევროპასა და აზიაში მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ კაპიტალის ბაზრების მიმოხილვაშია ნათქვამი.
კონკრეტულად კი:
Novo Nordisk-ი 8.6%-ით დაეცა, რის შედეგადაც Stoxx 600 Health Care ინდექსი 3.3%-ით შემცირდა.
იაპონიაში Chugai Pharmaceutical-ი 10%-ით დაეცა, ხოლო Daiichi Sankyo-მ, Takeda-მ და Astellas Pharma-მ ასევე მნიშვნელოვნად იზარალეს.
ჰონკონგში დალისტული BeiGene და Innovent Biologics-ი, ისევე როგორც სამხრეთ კორეის Celltrion-ი და Samsung Biologics-ი, უარყოფით ტენდენციას გაჰყვნენ.
„ტრამპის ინიციატივამ ინვესტორებში შიშები გააჩინა, რომ ფარმაკომპანიებს აშშ-ში მოგების შემცირება მოუწევთ, ეს კი მათთვის ყველაზე მოგებიანი ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა შესაძლოა მხოლოდ Medicare-სა და Medicaid-ს შეეხოს და სამართლებრივი ან პოლიტიკური წინააღმდეგობებიც არსებობდეს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
თიბისი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის, ფრთხილი პოზიციის შემდეგ ინვესტორებმა საპროცენტო განაკვეთების კლების მოლოდინები შეამცირეს.
„ახლა ბაზრები 2025 წლისთვის მაქსიმუმ 75 საბაზო პუნქტიან შემცირებას ელიან და ისიც, არაუგვიანეს ივლისიდან. პერსპექტივა კვლავ გაურკვეველია და დამოკიდებულია ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების განვითარებაზე. პაუელმა დაადასტურა, რომ ტრამპის ტარიფებმა გაზარდა როგორც ინფლაციის, ისე უმუშევრობის რისკები.
ზოგიერთი ოპციონის ტრეიდერი უკვე აზღვევს რისკს, რომ წელს ფედერალურმა რეზერვმა შესაძლოა საერთოდ არ შეამციროს განაკვეთი. შედეგად, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა, განსაკუთრებით 2-წლიანი ვადის, გაზრდილია“, - ნათქვამია მიმოხილვაში.




























