ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ მხარი არ დაუჭირა დონალდ ტრამპის მოთხოვნას საგარეო დახმარების შეჩერების თაობაზე. სამი ლიბერალი მოსამართლის გარდა, ამ გადაწყვეტილებას მხარი ჯონ რობერტსმა და ემი კონი ბარეტმა დაუჭირეს, რომელთაც ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ახსნა მოსთხოვეს. ამგვარად, დონალდ ტრამპის მიერ $2 მილიარდის მოცულობის საგარეო დახმარების შეჩერება, რომელიც, უმეტესწილად, USAID-ის მეშვეობით იმართებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
შეგახსენებთ, რომ საგარეო დახმარების გამოყოფა ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ მიიღო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მალევე გამოუჩნდნენ მოსარჩელეები, რომელთა შეფასებით დონალდ ტრამპს ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას კონსტიტუცია არ აძლევს. მოსარჩელე ორგანიზაციების შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ მსოფლიოში არაერთი კრიზისი შექმნა, ხოლო ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობა საგარეო დახმარებაზე იყო დამოკიდებული, საფრთხეში აღმოჩნდნენ.
პირველად, ამ საქმეზე გადაწყვეტილება ვაშინგტონის ფედერალური საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ამირ ალიმ მიიღო, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონტრაქტებით გარანტირებული თანხების გადარიცხვა დაავალდებულა. მოსამართლის თქმით, ხელისუფლებამ არასაკმარისად დააკონკრეტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რეალურად, ხელისუფლება მოსამართლის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მოსარჩელეები, რომელთაც მოსამართლეს გადაწყვეტილების აღსრულება მოსთხოვეს, რაც მოხდა კიდეც. სასამართლოს მიერ დაზუსტებული საბოლოო ვადის ამოწურვამდე, ტრამპის კაბინეტმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, რადგან მიაჩნდა, რომ მოსამართლემ მის ძალაუფლებას გადააჭარბა.
საბოლოო ჯამში, უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპისგან საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის სამართლებრივი პროცესის ყველა რგოლი გაამტყუნა. სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ათასობით ამერიკულ კომპანიას და ორგანიზაციას სამუშაოს შეწყვეტა დაავალდებულა, მაგრამ ფულის გადახდის შეწყვეტა იმ სამუშაოსთვის მოითხოვა, რომელიც უკვე შესრულებული იყო, ასე რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გაიზიარებდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადახდებს მაინც ვერ შეაჩერებდა.